„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პიარისთვის იმდენად აბსურდული, არასამართლებრივი წესით მოამზადა სარჩელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას  „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა სარჩელის განხილვაზე, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის კონსტიტუციურობის საკითხს ეხებოდა.

„თავიანთ იურისტებსა და საკუთარ თავს დააბრალონ, როდესაც სასამართლოების წინაშე იურიდიულად გაუმართლებელ მოთხოვნებს აყენებენ. რა გვიკვირს, ამას მხოლოდ საქართველოში აკეთებენ? შექმნიან რაღაც აბსურდულ სარჩელებს, გაიქცევიან სტრასბურგის სასამართლოში, დამარცხდებიან, ჩამოვლენ და ხმას აღარ იღებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი დასაბუთებული არ იყო. ხელშესახები სამართლებრივი საფუძვლები წერია? არა. გამოყენებულია ფრაზები „ე.წ უკანონო პარლამენტი და უკანონოდ შექმნილი წულუკიანის კომისია“. თუნდაც ეს ორი ფრაზა სასამართლოსთვის წონადი არგუმენტია? პოლიტიკურად რაღაცები მიგაჩნია და სასამართლოში რას ამტკიცებ, რომ არ არსებობს საქართველოს პარლამენტი? არ არსებობს კომისია, რომელიც პარლამენტმა შექმნა კონსტიტუციის, კანონით დადგენილი წესით? მათ შორის, საკონსტიტუციო სასმართლოში, შეიძლება, ხვალ არჩეული იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ პარლამენტმა უნდა განაწესოს კონსტიტუციით დადგენილი წესით. შემდეგ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ამ აბსურდს არავინ დაგიკმაყოფილებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.