"2008 წლის ომის ფაქტები ჩემთვის კარგად არის ცნობილი, ვინაიდან სწორედ ჩემი იუსტიციის სამინისტროში მსახურობისას შევძელით სტრასბურის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დავის მოგება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის დღეისთვის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოს ხელში, რომელიც ჩვენს თაობას, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ თაობებს, ყველა შემთხვევაში მისცემს შესაძლებლობას, სამართლებრივ, იურიდიულ საფუძველს, რომ ქვეყანა მშვიდობიანი გზით გააერთიანოს." - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
"ეს ის განაჩენია სასამართლო გადაწყვეტილების სახით, რომელიც ევროპულმა სასამართლომ მიიღო და სადაც ნათქვამია, რომ საქართველო, ქართული ჯარი, ქართველი ხალხი და ის ქართველები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, არიან მართლები და მათ წინაშე ტყუის რუსეთი. ჩვენ ეს საფუძველს მოგვცემს მომავალში, რომ დავაბრუნოთ დევნილები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი გზით. ასევე, ამ გადაწყვეტილებებში ნათქვამია, რომ სწორედ რუსეთის ხელით იქნა მოკვდინებული ანწუხელიძე, სოფრომაძე და ჩვენი სხვა სამხედრო ტყვეები, რომლებსაც ყოველდღე და მით უმეტეს აგვისტოს თვეში ჩვენ განსაკუთრებულად ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ. ამ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უმძიმეს პირობებში ვიბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, ყოველთვის ისმოდა კითხვა, როგორ მოხდა, რომ რუსეთმა მოახერხა და შეძლო ის, რაც მოახერხა. შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, თავს დაგვესხა და დაარღვია ყველა ის უფლება, რომელიც დარღვეულად იქნა მიჩნეული სტრასბურგის სასამართლოს წინაშე.
ასევე, მახსოვს ის პროცესები სტრასბურგში, რომლის დროსაც ერთ მხარეს ქართველი გლეხები იცავდნენ თავს და მეორე მხარეს სამხედროები რუსეთიდან ჩვენს დაზარალებულებს, შვილმკვდარ დედებს, მიწა წართმეულ ქართველ გლეხებს ცხინვალის რეგიონიდან უმტკიცებდნენ, რომ მათ მოეჩვენათ, რუსეთს ისკანდერი არ ჩამოუგდია და არც სხვა ბომბები არ დაუშენია ქართველებისთვის, ეთნიკური წმენდა იქ არ ჩატარებულა. ეს ყველაფერი ყველას კარგად გვახსოვს, მეც კარგად მახსოვს თქვენთან ერთად კარგად. ამ დროს ყოველთვის ისმოდა შეკითხვა, როგორ მოახერხა მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ საქართველოს დაემართა ის, რაც მას რუსეთმა დამართა. ეს კითხვა დღესაც ცოცხალია და ამ კითხვას პასუხის გაცემა სჭირდება. ჩვენ როდესაც ვიყავით ოპოზიციაში, მაშინაც ვსვამდით ამ კითხვას, როგორ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ვერ აიცილა ის დიდი საფრთხეები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ ყველა ერთად შევიქენით და ამის მსხვერპლი აღმოჩნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობაც. თქვენ გახსოვთ, რომ 2008 წლის აგვისტოში თვითონ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც არსებობის საფრთხე იყო ჩვენთვის თვალხილული და ძალიან თვალსაჩინო. იმედი მაქვს, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცემა და სამართლებრივი პროცესი წარიმართება ისე, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.