„რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა?! ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლობოლო? რას მეკითხებით?“- ასე მიმართა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს სხდომაზე, სადაც მეორე დღეა განიხილავენ 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს.
„სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელმა, როგორც კი გაიგეთ ინფორმაცია ტელევიზიით, თუ ადგილზე, რომ პირველი აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, ასევე სარდალმა კულახმეტოვმა არ მოგისამძიმრათ. ასევე თქვით, რომ მარტო იყავით და თქვენ თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა ხომ სულ მარტო იყო?! თქვენ სიტყვებს ვიმეორებ, რომ მიხვდით, რომ თქვენც კი მარტო ხართ, თქვენს უფლება-მოსილებაში შედიოდა, თუ არა რომ მინიმუმ განგაშის ზარი შემოგეკრათ,რომ მოსახლეობაში მსხვერპლი თავისად აგეცილებინათ და თუ ეს იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის?“- მიმართ თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს.
მამუკა ყურაშვილმა უპასუხა,რომ გაერთიანებული შტაბი ჩააყენა საქმის კურსში.
„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განგაში უშიშროების საბჭოს გარეშე, გენშტაბის გარეშე ამეტეხა და სახლებზე დამეწყო კაკუნი? რას მეკითხებით, ვერ გავიგე“, - მიმართა თეა წულუკიანს მამუკა ყურაშვილმა.
ამის შემდგომ თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილის კვლავ გაუმეორე თავდაპირველი კითხვა, რომ მისი, როგორც სამშვიდობოს ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობა იყო სამოქალაქო მოსახლეობაზე ზრუნვაც. შესაბამისად, როცა ადგილზე იყო, ხომ ჰქონდა „ძვირფასი შესაძლებლობა“, საკუთარი თვალით ენახა ადგილზე ვითარება, რაზეც მამუკა ყურაშვილმა უპასუხა, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ ცხინვალში ვეღარ გადაადგილდებოდა, შესაბამისად ამის შესაძლებლობა არ ჰქონია. მისiვე განმარტებით, დეტალურ ინფორმაციას გადასცემდა გაერთიანებულ შტაბს. ამის შემდგომ თეა წულუკიანმა ყურაშვილს ჰკითხა:
„პირველად როდის გადაეცით, ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, აქ კარგად არ არის საქმე, რომელი დღე იყო, როცა ეს გადაეცით?“- მიმართა თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს.
თავის მხრივ, მამუკა ყურაშვილმა საპასუხოდ განაცხადა:
"რას ჰქვია, გადასარჩენი ქალბატონო თეა? ბოლო წამამდე ვცდილობდით, რომ აგვეცილებინა კონფლიქტი. რას მეკითხებით, ვერ გავიგე! რა გინდათ, ბოლობოლო?! რას მეკითხებით?“- განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.
"ბოლობოლო, რა გინდა” კი არა, მომისმინე ერთი წუთით! ცოტა დაუწიეთ. აქ არავინ ზის არც ნაკლები და არც...სხვა რამეს გეკითხებათ. თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი. სწორედ იმიტომ გაქვთ სამშვიდობო მისია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. როდესაც თქვენ გააკეთეთ მოხსენება, რომ ასეთი მდგომარეობაა, მოწინააღმდეგე მხარეს გაჰყავს ხალხი, ანუ საგანგაშო ვითარებაა. ორი ჯარისკაცი მოგვიკლეს. თქვენ ითხოვთ და ვალდებულიც იყავით, რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები. მაშინ უნდა გვითხრათ,რომ იქიდან არავითარი პასუხი არ გქონიათ. მე ვიცი, რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამაზე გქონდათ,“ - მიმართა კომისიის წევრმა ალეკო ტაბატაძემ მამუკა ყურაშვილს.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კი, გენერალს შეახსენა, რომ მუშაობის წესებზე უნდა შეთანხმდნენ.
„მე არ მგონია,რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ და მოდით, ყველა მოვიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით“, - მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს, რაზეც მამუკა ყურაშვილმა რეპლიკით უპასუხა: „გისმენთ, რა მოვიქეცი ასეთი?“
„სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, გუშინ, მე ძალიან ბევრი რაღაც, როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე, ტონი გავატარე! ტო-ესბის ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე, ამიტომ, მოდით, ახლა „დავჭკვიანდეთ“ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ! თუ მობრძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს, პირველ რიგში, გასაგებია?! რა მინდა და ახლა დაგისვამთ კითხვას და უპასუხეთ. აქ გისვამენ კითხვებს. აქ არცერთი არ გეგონოთ, რბილად ვიტყვი და აქ წევრებს ბოდიშს ვუხდი წევრებს - თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე, რა! წერტილი!“, - მიმართა თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს.
მან ასევე კითხვით მიმართა გენერალს, ცხინვალში მყოფ შერეულ ოჯახებთან დაკავშირებით თუ ჰქონდა ვინმესთან საუბარი, რაზეც ყურაშვილმა უპასუხა, რომ „გენერალ გოგავასთან“.
„მან, აქ რომ შემობრძანდით, მოგცათ უფლება, ყველაფერი მე დამაბრალეო, თუ როგორ ხდება? თქვენ, იმდენი ქენით ორმა სამხედრო პირმა, მაინც მაიძულებთ, რომ სხვანაირად გელაპარაკოთ, არ მინდოდა, ღმერთი მაღალია და იცის. ვატყობ, დიდი დრო დაგვჭირდება თქვენზე დასახარჯად, ამიტომ ომში ნამყოფმა კაცებმა ჩემზე მეტად მოთოკეთ ნერვები“, - მიმართა მამუკა ყურაშვილს თეა წულუკიანმა.