ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოიძეები და პოლიტიკური ოჯახი, რომელსაც ის ეკუთვნის, ქვეყანას ევროპულ გზაზე სიარულში უშლიან ხელს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, წულუკიანს ჰკითხეს: „როგორ შეაფასებთ იმას, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებამდე დემარშის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ხატია დეკანოიძემ“.
თეა წულუკიანის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არ ვიცი, ხატია დეკანოიძემ რა, საიდან იცოდა. ფაქტია, ტრადიციულად, ეს ადამიანები იყვნენ, არიან და ალბათ, სამწუხაროდ, მომავალშიც იქნებიან დესტრუქციით დაკავებული, მათ შორის ევროპული სტრუქტურების შიგნით, მაგრამ ჩვენი მიმართულება, გენერალური ხაზი არის ურყევი, უცვლელი, რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ გზაზე სიარული. ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოიძეები და პოლიტიკური ოჯახი, რომელსაც ის ეკუთვნის, ხელს უშლიან ქვეყანას ევროპულ გზაზე სიარულში. ჩვენ მაინც ამ გზაზე მივემართებით. რეკომენდაციებიც შესრულებულია, რეფორმებიც გრძელდება და რაც მთავარია, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობისა და სტაბილურობის გზას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა: „ჩვენმა დელეგაციამ განახორციელა ფორმალური დემარში იუსტიციის მინისტრთან, გამოხატა შეშფოთება სააკაშვილის შესახებ მოხსენებებზე. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა“.