ჩვენი საელჩო, ელჩი და დიპლომატები უკრაინას არ ტოვებდნენ მაშინაც კი, როდესაც დასავლეთ-ევროპულმა საელჩოებმა საფრთხის ქვეშ მყოფი კიევი დატოვეს. ჩვენ ვიყავით ჩვენი უკრაინელი მეგობარი ხალხის გვერდით ბომბებისა და ტყვიების ქვეშ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ხშირად, ჩვენი ქართველი დიპლომატები სარდაფებიდან მართავდნენ ამ ურთიერთობებს. ამიტომ მათ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნით. ისევე. როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინც დედაქალაქიდან უზრუნველყოფდა ჩვენი საელჩოს უკრაინაში სრულფასოვან ფუნქციონირებას.

ვინც კიევში ბრძანდება მინდა შევახსენო, რომ სააკაშვილი ჩვენი კანონით იხდის სასჯელს კანონის თანახმად და მის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები მიქცეულია აღსასრულებლად. შესაბამისად, ვერავითარი კანონს მიღმა მეთოდებით მისი გათავისუფლება ვერ მოხდება.

თუ სასწორზე დევს - გამოვივაჭროთ მიშას გათავისუფლება და ასეთ შემთხვევაში ელჩს არ გამოვუშვებ თბილისში, ჩვენთვის ეს ვაჭრობის საგანი ვერ იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.