შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კრისტინა მარტი ლანგთან, ასევე საქართველოში შვეიცარიის ელჩთან, ჰეიდი გრაუსთან.

სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის მძიმე თანმდევი შედეგები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები და შემდგომი ხელოვნური იზოლაციის მცდელობები.

აღნიშნულ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადო რეაგირებისა და მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.