„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ თუნდაც ასი ადამიანის პროტესტი იმდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ ეს კანონი უკვე რამდენჯერმე შეცვალეს.

„ჯერ ჯარიმების რაოდენობა გაზარდეს, შემდეგ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოიტანეს, ახლა მეტი სირთულე შემოიტანეს. მსოფლიოში არც ერთი პრეცედენტი არ არის, როდესაც ხელისუფლებამ კანონი ამდენჯერ შეცვალა. ეს არაკონსტიტუციური ცვლილებაა, რადგან ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ზღუდავს იმ მნიშვნელოვან დათქმებს, რომელიც წლების განმავლობაში შენარჩუნებული გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიას ძირს უთხრის. რასაც „ოცნება“ სჩადის, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით გუშინ მიიღო. ცვლილებების თანახმად, დგინდება სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთანავე, შეკრება ან მანიფესტაცია თუ რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან/და სვლაგეზის შესახებ შესაბამისი მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. გარდა ამისა, კანონპროექტით წესრიგდება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.