ოპოზიციონერი დეპუტატის ტარიელ ნაკაიძის განმარტებით, "ხალხის ძალის" დეპუტატმა სოზარ სუბარმა მას დღეს აგენტი უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი. "დღის სტუმრის" ეთერში, ნაკაიძემ საკანონმდებლო ორგანოში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რა დროსაც სუბარის თანამოაზრე ვიქტორ ჯაფარიძემ მას ზურგში მიკროფონი ჩაარტყა.
"თითქოს მიზეზად აქციეს, რომ მე მათ ვეძახდი მოღალატეს და ამას მარტო მე არ ვეძახი, ეძახის მთელი საქართველო. სოზარ სუბარმა შემატრიალა, მთხოვა, რომ მივსულიყავი მასთან და მითხრა, რომ მე ვარ აგენტი და 20 წელია მიცნობს და 20 წლის განმავლობაში იცის, რომ ვარ აგენტი. ვკითხე, ვისი აგენტი ვარ და თუ იცის, რომ აგენტი ვარ, რატომ აქამდე არ მოხდა შესაბამისი მიდგომა. როცა არგუმენტი არ ჰქონდა და პასუხი ვერ გამცა, დაიწყო გინება რასაც მოჰყვა საპასუხო გინებაც." თქვა ტარიელ ნაკაიძემ "მთავარი არხის" ეთერში.