„ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება როგორ წარმოგიდგენიათ იგივე უკრაინის ხელისუფლებისგან? ხვალ რომ ომი აღარ იყოს და ვიზიტი დაინიშნოს უკრაინაში, სხვა უცხოური ავიაკომპანია უნდა გამოიყენოს ჩვენმა მთავრობამ? - ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ყველა ქართველს შეგვტკივა გული, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ უკიდურესობამდე მივიდეთ. რატომ იყო, რომ 2008 წელს უკრაინამ არ შეწყვიტა ფრენები რუსეთთან?! 48 ფრენას აწარმოებდნენ დღეში უკრაინიდან რუსეთში. რატომ რაიმე ნაბიჯი არ გადადგეს პროტესტის ნიშნად, მაგრამ ავიაკომპანიებს ფრენების შეწყვეტის ან აღდგენის გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა და ამას სახელმწიფო აწესებს ცალმხრივად იფრინოს თუ არა ამა თუ იმ კომპანიამ. ამდენად რაც დღეს ხდება, ეს არის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ფაქტი, რათა როგორმე ხელისუფლებას ავნონ.
მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია 30 წლის გახდა. იქიდან პრაქტიკულად, 29 წელია ჩვენ დაგვყავს ქვეყნის პირველი პირები და „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება როგორ წარმოგიდგენიათ დღეს იგივე უკრაინის ხელისუფლებისგან? ხვალ რომ ომი აღარ იყოს და ვიზიტი დაინიშნოს უკრაინაში, სხვა უცხოური ავიაკომპანია უნდა გამოიყენოს ჩვენმა მთავრობამ? როგორც ჩანს, ეს ყველაფერი წინასწარ აქვთ ნაფიქრი და დაგეგმილი და ამიტომ ხდება“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.