პრეზიდენტს არანაირი სურვილი არ აქვს პარტიები გააერთიანოს. საერთოდ სხვანაირად იფუთება თემა, ანუ დიდი გაუგებრობა ტრიალებს. როგორც ჩანს, ოპოზიციურ მედიას უნდა, სასურველი რეალურად გაასაღოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვიყავით დღეს „ევროპული საქართველო“, მიგვიწვიეს. ჩვენ გაერთიანების და ერთიანი პლატფორმების პროცესს ოპტიმისტურად არ ვუყურებთ, სკეპტიკურად ვართ განწყობილი, იმიტომ რომ ზოგადად, ნებისმიერ პროცესში შევალთ იმ ხალხთან ერთად, ვისაც საკუთარ სიტყვებზე და ქმედებებზე პასუხისმგებელს აღება შეუძლია. ვუფრთხილდებით ჩვენი ამომრჩევლების ნდობას. მაგრამ უცნაური რაღაც მოხდა, საერთოდ სხვანაირად იფუთება თემა, ანუ დიდი გაუგებრობა ტრიალებს, იმიტომ რომ პრეზიდენტს არანაირი სურვილი არ აქვს პარტიები გააერთიანოს და ამას არც მიიჩნევს შესაძლებლად. მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან ცუდი იდეა. უბრალოდ, ამის კომუნიკაცია სწორად არ ხდება, ან ინტენსიურად ვერ ხდება, ან როგორც ჩანს, ოპოზიციურ მედიას უნდა სასურველი რეალურად გაასაღოს და ერთიანობას ხედავს პანაცეად, განსხვავებით პრეზიდენტისგან. პრეზიდენტი ნამდვილად ასე არ ფიქრობს, უბრალოდ, მას უნდა ხედვების შეჯერება იმაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 9 პუნქტი შესრულდეს. მაგალითად, სასამართლო რეფორმა რომელი პარტიისთვის რას ნიშნავს. უნდა ჩვენი ხედვა ნახოს და თანხმობის წერტილები ამ შინაარსობრივ ხედვებში იპოვოს, მერე შეიქმნას დოკუმენტი...  თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა და კოალიციური მთავრობა მოვიდა, ეს არის შეჯერებული ხედვა, თუ როგორ უნდა დავიწყოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები. ანუ არანაირ პარტიულ გაერთიანებაზე, პოლიტიკურ პლატფორმაზე, ერთიან ფრონტზე საუბარი არ არის. პრეზიდენტი თვლის, რომ პირიქით, ეს ცუდია“,-  ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.