მოღალატეებად, სერგო ორჯონიკიძეებად და ბოლშევიკებად რაცხავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს იცავენ და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის პირისპირ გვტოვებენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„სიმბოლური დღე იყო გუშინ, იმიტომ რომ კატასტროფული მდგომარეობაა, იმის ნაცვლად, რომ ვაშინგტონის სამიტის წინ კონგრესში განიხილებოდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების და სტაბილური სიმშვიდის, უსაფრთხოების თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხი, კონგრესში განიხილავენ იმას, რომ საქართველო რუსეთს ხელში ჩაუვარდა. რომ წარმოიდგინოთ, ხვდებით საიდან სად მივედით, რა კატასტროფულ მდგომარეობაშია ქვეყნის ეროვნული ინტერესები? და დღეს მივიღეთ ორველიანური სცენარი, როდესაც მოღალატეებად, სერგო ორჯონიკიძეებად და ბოლშევიკებად რაცხავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს იცავენ და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის პირისპირ გვტოვებენ. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველოში რა პროცესიც არის დაძრული, გაცილებით უფრო დიდი რამ არის, ვიდრე თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაცია“,- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველთან“.