დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დღეს, რომელიც მხოლოდ პროფესიული თარიღი არ არის – პოლიციელის დღე არის ერთგულების, თავდადებისა და სიმამაცის სიმბოლო. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მაქვს პატივი, თქვენ წინაშე პირველად ვიდგე მინისტრის რანგში, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მე აქ ვდგავარ, როგორც პოლიციელი. მე ვიცი, რას ნიშნავს, ატარო პოლიციელის ფორმა. ვიცი, რამხელა თავგანწირვა და პასუხისმგებლობა დგას თითოეული პოლიციელის უკან, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად სწორედ სამართალდამცველების თავდადებით შენდება და ძლიერდება.
„პოლიციელობა ნიშნავს, სხვისი სიცოცხლე და უსაფრთხოება საკუთარ თავზე წინ დააყენო. ქედს ვიხრი ჩვენი გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირა. მათი სახელები და თავგანწირვა ყოველთვის დარჩება ჩვენი სახელმწიფოს ღირსებისა და ისტორიის ნაწილად. გთხოვთ, პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული პოლიციელების უკვდავ ხსოვნას. პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია. ეს არის არჩევანი, ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები. სწორედ ამიტომ, თქვენ უნდა ამაყობდეთ იმით, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად თქვენი თავდადებით შენდება და ძლიერდება“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.












