სტრატეგიული მოკავშირისგან ველოდებით მეგობრობას, მხარდაჭერას და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარე, ყოველგვარი დათქმების გარეშე, აშშ-სგან ელოდება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების დამტკიცებას.
„როდესაც მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი არ ყოფილა შეერთებულ შტატებში და არ ჰქონია მაღალი დონის შეხვედრები და ახლა ხდება ასეთი დათქმებით მიწვევა, რა თქმა უნდა ეს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სწორი დამოკიდებულება არ არის. ჩვენ ველოდებით ყოველგვარი დათქმების გარეშე იმ ხელშეკრულების დამტკიცებას, რომელსაც ეწოდება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება. ეს გულისხმობს ბევრ რამეს, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში მხარდაჭერას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ელემენტარულ პირდაპირ ფრენების დანიშვნას“, - განაცხადა სუბარმა.
2 მაისს გავრცლედა ელჩ დანიგანის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვია, თუმცა, ქართულმა მხარემ ამ მოწვევაზე უარი თქვა.
ამ განცხადებას გუშინვე უპასუხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.