პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენისას “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი სიტყვით გამოვიდა და ოპოზიციის მიერ სხვადასხვა თემებზე გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.
“გადავხედოთ ევროპის სტატისტიკას. ევროპამ რუსეთთან ვაჭრობა ძალიან ბევრ სფეროში კი არ შეამცირა, არამედ იგივე დონეზე დატოვა. სადაც შეამცირა, იქ აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან არ შედის ბენზინი და დიზელი, მაგრამ ჰოი საოცრებავ, რუსული დიზელი და ბენზინი შედის ტუნისიდან, ინდოეთიდან და გაიზარდა ევროპის ვაჭრობა. ახლა, აღმოჩნდა პირიქით, რუსეთმა დააწესა სანქციები, რუსეთში გაძვირდა ბენზინი და დიზელი, ამიტომ რუსეთმა აკრძალა ქვეყნის გარეთ გატანა, ან დააწესა მაღალი გადასახადი ამაზე და იქეთ დაუწესა სანქციები. ჩვენ გვთხოვენ, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რომ ჩამოიქცეს ჩვენი ეკონომიკა, გაღარიბდეს ჩვენი მოსახლეობა,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ხალხის ძალის" ლიდერის თქმით, ოპოზიციამ რუსეთის შემდეგ ახალი მტერი აღმოაჩინა და ეს არის ჩინეთი, რომელთანაც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
“თუ აქამდე ვლაპარაკობდით, რომ საქართველოზე უნდა გაიაროს შუა დერეფანმა, რომ საქართველოს აქვს შანსი გახდეს დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ახლა, თურმე ამ ხიდზე ლაპარაკი ხელს უშლის ახლა პროექტს. პროექტს, რომელიც საქართველოს გვერდს უვლის, რომელიც აკავშირებს ინდოეთს, არაბულ ქვეყნებს, ისრაელის გავლით ევროპასთან. თურმე ამ პროექტში არის აშშ-ს, ევროკავშირის ინტერესები და ჩვენ თუ განვავითარებთ შუა დერეფანს, მათ ინტერესებს შევუშლით ხელს. ოპოზიციისთვის მათი ინტერესები უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი სამშობლო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და ამიტომ უარი უნდა ვთქვათ ამ ყველაფერზე,” - განაცხადა სუბარმა
მისი თქმით, პარლამენტის სხდომაზე ბევრი კითხვა დაისვა ტურიზმზე, თუმცა ამ კითხვებს სვამენ ადამიანები, რომლებიც თავად არიან ტურიზმის განვითარების წინააღმდეგნი.
“თან აქციებს უწყობენ გემს, თუ მასზე ტურისტების ნაწილი მაინც რუსია; თან აქციები უნდა მოაწყონ ყაზბეგში, ლარსთან, ტურისტი რომ არ შემოვიდეს და თან იკითხონ, რატომ არ ვითარდება ტურიზმიო. ბოდიში, მაგრამ ფიჯიდან და სამოადან ჩვენთან ტურისტი ნაკლებად მოსალოდნელია რომ შემოვიდეს, შემოდიან მეზობელი ქვეყნებიდან და ისინი არიან ტურიზმის ბიზნესში მყოფებისთვის პოტენციური დამსაქმებლები. გაგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად ხვდებოდა ტურისტებს და ეუბნებოდა, ოღონდ შემოდით, თქვენი ჭირიმე, ყველა პირობას შეგიქმნითო და საქართველოს აეროპორტში შემოსულ ყველა ტურისტს, მათ შორის რუსს, ერთ ბოთლ ღვინოს ჩუქნიდნენ, მაშინ თურმე კარგი იყო რუსი ტურისტი. როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობდა - რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. დღეს ყოფილა თურმე აკრძალული. ბუჩას ტრაგედია ნამდვილად გვტკივა, მაგრამ როცა ბუჩას ტრაგედია გვტკივა, თურმე არ უნდა გვტკიოდეს გადახნული თამარაშენი, გადახნული კეხი, სადაც ერთი სახლიც არ დარჩა,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე რუსეთთან ვაჭრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ერთი მილიარდი დოლარის საქონელი შემოდიოდა ყოველწლიურად რუსეთიდან და არც ერთი თეთრის საქონელი არ გადიოდა საქართველოდან, იმიტომ, რომ რუსეთმა დააწესა სანქცია ქართულ პროდუქციაზე.
“თურმე ის არის კარგი, რუსული საქონელი რომ შემოდის და საქართველოდან არაფერი არ გადის; ამით რომ რუსული ვალუტა ძლიერდება და ქართული ლარი სუსტდება, თურმე ეს კარგია და თუ ქართველი გლეხი გაიტანს მწვანილს ან ატამს, ან ქართველი მეწარმე ღვინოს გაყიდის, ეს თურმე დანაშაული ყოფილა. პარალელურად, ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს შემოუერთდითო, ამ ფონზე, ვაჭრობას აგრძელებენ რუსეთთან და მაგალითად, ბალტიისპირეთის ზოგიერთმა ქვეყანამ გადაგვასწრო კიდეც რუსეთთან ვაჭრობაში,” - აღნიშნა სუბარმა.
მისი თქმით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა აითვისოს წყლის რესურსები, რადგან ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი ვთქვათ, გაზით, ან ურანით.
“დღეს რომ ლაპარაკობენ ხუდონჰესზე, სწორედ ეს ხუდონჰესი და 13 სოფელი მიჰყიდა ერთ ლარად ინვესტორს სააკაშვილმა, თავის ოჯახებიანად. ახლა ჩვენ გვედავებიან, რატომ დაიბრუნეთ ეს ყველაფერი ინვესტორისგანო. დღეს მიდის მუშაობა ახალ პროექტზე. ხუდონჰესი აშენდება არა იქ, სადაც კომუნისტების პერიოდში იყო განსაზღვრული და სადაც სააკაშვილი აპირებდა აშენებას, არამედ ოდნავ სხვა ადგილას, რომელიც სოფლების დატბორვას არ გამოიწვევს,” - განაცხადა დეპუტატმა.
მან ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც საქართველომ უნდა განავითაროს. სუბარის თქმით, მაშინ, როდესაც ევროპაში სამთო კურორტების ნახევარი დახურვის საფრთხის წინაშე დგას, აუცილებელია საქართველომ იზრუნოს თეთნულდის და სხვა მთის კურორტების განვითარებაზე, სადაც წლების განმავლობაში ბუნებრივი თოვლის პირობებში ივნისში ტარდებოდა სათხილამურო ჩემპიონატები. ასევე, სუბარმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მოწყობა, რაც ტურისტულად განავითარებს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ რაჭას, სამეგრელოს მთიან ნაწილს და იმერეთს.
დეპუტატი ასევე შეეხო შრომით მიგრაციას და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ლეგალურ შრომით მიგრაციას, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები უცხოეთშიც იყოს დაცული.
“მიგრაციის გაჩერება შეუძლია ერთ რამეს - თუ ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, თუ შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილები და სწორედ ამისთვის არის საჭირო ამ პროექტების განვითარება, რომლებზეც აქ იყო საუბარი.
ოპოზიციამ თქვა, რომ ივანიშვილმა უთხრა მოსახლეობას, ევროპაში წადითო და ამიტომ მიდიანო. უბრალოდ ადამიანი (ანა ნაცვლიშვილს ვგულისხმობ) ან ხვდება, რას ამბობს და იტყუება, ან ვერ ხვდება იმიტომ, რომ ვერ წვდება საქმის არსს. ანუ საქმე გვაქვს ან მორალის დეფიციტთან, ან ინტელექტის დეფიციტთან, რადგან ძალიან მარტივად იყო ნათქვამი, რომ ლეგალურ შრომით მიგრაციას უნდა შევუწყოთ ხელი, ნაცვლად არალეგალური მიგრაციისა. როდესაც არალეგალური მიგრანტი მიდის ქვეყნიდან, ის აღარ ბრუნდება იმიტომ, რომ დაბრუნების შემთხვევაში მეორედ ვეღარ წავა და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ლეგალური მიგრაცია, რომ ჯერ ერთი მიგრანტი გარკვეულწილად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არის და თუ მისი უფლებები დაირღვა, მისი სახელმწიფო უდგას ზურგს უკან. მეორეც, მიგრანტმა იცის, რომ თუ დათქმულ ვადაში ვერ დაბრუნდა, ის მეორედ უკან ვეღარ წავა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამას შევუწყოთ ხელი - ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ლეგალური შრომითი მიგრაციის საშუალება, რომ შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს და თავიანთ ოჯახებს,” - განაცხადა სუბარმა.