„ასეთ არაადამიანურ რეჟიმს დღეს აქვს მცდელობა, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ძალიან სამწუხაროდ, დღეს მას ჰყავს ბევრი მხარდამჭერი ევროპარლამენტში, თუ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებში“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი როინ შავაძის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 სუბარის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი სახალხო დამცველი იყო, მას და მის თანამშრომლებს მაშინდელი ხელისუფლებისგან უწევდათ შავაძეების ოჯახის დაცვა.

„სააკაშვილის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებები არ გვიკვირს და ბევრია, თუმცა აგვისტოს ომის დღეებში რამდენიმე ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც დღემდე რჩება ყველაზე მძიმე ფაქტებად „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ კი. ერთ-ერთი ასეთი არის როინ შავაძის მკვლელობა. 15 აგვისტოს მოხდა მისი დაკავება, ხოლო 16 აგვისტოს - მკვლელობა. ასევე, 16 აგვისტოს მოხდა დავით ცინდელიანის დაკავება, ხოლო რამდენიმე დღეში (თუ არ ვცდები, 27 აგვისტოს) - პაატა ქარდავას დაკავება. ეს ორი ადამიანი - ცინდელიანი და ქარდავა, გაიყვანეს ზღვაში, დახვრიტეს, ფეხებზე ქვები მოაბეს, ისე ჩაძირეს ზღვაში და დღემდე უცნობია, სად არის მათი გვამები. რაც შეეხება შავაძეს, იგი ქობულეთის მიმართულებით წამოიყვანეს და იქ მოხდა მისი დახვრეტა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიყავი სახალხო დამცველი და ვიკვლევდი ამ საქმეს, ისინი აშანტაჟებდნენ ოჯახს და ქალბატონ ციცინოს ეუბნებოდნენ, ხმა არ ამოიღო შენი ქმრის გამო, თორემ ვიტყვით, რომ შენი ქმარი იყო მოღალატე და შენს შვილებს მოუწევთ ამ იარლიყით ცხოვრება - რომ მამა ჰყავდათ მოღალატე.

მადლობა ღმერთს, ქალბატონი ციცინო არ გაჩერდა, არ დაიჯერა, რომ მისი ქმარი მოღალატე იყო და პირველად მაშინ გავარკვიეთ ის დეტალები, რომლებიც დღეს პროკურატურამ გაცილებით უფრო ფართოდ და მასშტაბურად გახადა ცნობილი. პირველი: როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ მოჰყავდათ თბილისისკენ, მაშინ მე, როგორც სახალხო დამცველმა დავსვი კითხვა - როგორ შეიძლება თბილისისკენ წამოეყვანათ ქობულეთის გავლით, როდესაც შიდა ქართლი იყო ოკუპირებული და იქ წამოყვანა უბრალოდ შეუძლებელი იყო. თუ წამოყვანა უნდოდათ, პირიქით, მეორე მხარეს უნდა წაეყვანათ და გოდერძის უღელტეხილით წამოსულიყვნენ. ეს იყო პირველი ფაქტი, რომელიც მათ ტყუილს ავტომატურად ხდიდა ფარდას.

მეორე ტყუილი იყო ის, რომ თითქოს როინ შავაძე გაქცევას აპირებდა, ამ დროს ესროლეს და 40 ტყვია მოარტყეს. ამაზეც მაშინ მე ჩემი დასკვნა დავდე, რომ შეუძლებელი იყო, როინ შავაძეს გქცევა მოენდომებინა და ყველა ტყვია ჰქონოდა წინიდან მოხვედრილი. 40-ვე ტყვია სხეულში შესული იყო წინა მხრიდან და არც ერთი არ იყო მორტყმული ზურგის მხრიდან, რაც ავტომატურად გამორიცხავდა გაქცევის მცდელობას, თუმცა ახლა პროკურატურამ გაცილებით ბევრი დეტალი გაამჟღავნა. მათ შორის, როინ შავაძეს მართლა გაქცევა რომ სდომოდა, უბრალოდ ვერ მოახერხებდა ამას, ისე სასტიკად იყო ნაწამები, რომ უბრალოდ გადაადგილების საშუალება არ ჰქონდა. ბუნებრივია, ეს ფაქტები მე მაშინ არ მქონდა. ამასთან, პროკურატურამ გამოავლინა ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი (მე მაშინ მხოლოდ რამდენიმე მონაწილის ვინაობა მქონდა დასახელებული), პროკურატურას უკვე აქვს დაკითხვის დეტალები და ა.შ.

კიდევ ერთხელ რომ ვისაუბრო სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეზე და არაადამიანურობაზე, იმდენად დიდი იყო ზეწოლა ქალბატონ ციცინო შავაძეზე და მის მცირეწლოვან შვილებზე, რომ თვეების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები (ჩემი თანამშრომლები), მორიგეობით ცხოვრობდნენ შავაძეების ოჯახში. ყოველღამე ერთი ადამიანი რჩებოდა მათთან, რადგან ისინი იყვნენ საფრთხეში. ისინი ემუქრებოდნენ ქალბატონ ციცინოს - შემოგივარდებით და შენს შვილებსაც იგივეს დავმართებთ, რაც შენს მეუღლეს გავუკეთეთო.

ასეთ არაადამიანურ რეჟიმს დღეს აქვს მცდელობა, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ძალიან სამწუხაროდ, დღეს მას ჰყავს ბევრი მხარდამჭერი ევროპარლამენტში, თუ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.