„ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და თან მუდმივი წევრი და ის არის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის. არაღიარების პოლიტიკაში მისი როლი წარმოუდგენლად დიდია,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენად გამართლებულია საქართველოში ანტიჩინური კამპანიის წარმოება, მით უმეტეს იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა ორგანიზაციები ფინანსდებიან ტაივანური კაპიტალით.
„ტაივანის თემა ჩემთვისაც ახალი აღმოჩნდა გულწრფელად რომ გითხრათ. თინა ხიდაშელს რაც შეეხება, სპეციალურად კი არ ვაკვირდები, უბრალოდ, არ შეიძლება თვალში რომ არ მოგხვდეს პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს. ბოლო 7-8 წელი, თვე არ გავა, რომ ჩინეთზე კომენტარი არ გააკეთოს. ანტი-ჩინურ კრიტიკას და ისტერიას საფუძველს უდებს ეს ადამიანი და ეს შემთხვევით არ ხდება. არანაირი მოცემულობა საქართველოში ანტიჩინური ისტერია ვაწარმოოთ, არ არის. ეკონომიკური კავშირი გვქონდესო ამბობენ და იგივე ადამიანებს, პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაახსენდათ, რომ თურმე ჩინეთს მართავს კომუნისტური პარტია და დაიწყეს ანტიკომუნისტური და ანტიჩინური ისტერია.
არადა, ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და თან მუდმივი წევრი და ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკაში მისი როლი წარმოუდგენლად დიდია. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩინეთმა პოზიცია შეცვალოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არათუ ბევრად გაძნელდება, წარმოუდგენელიც კი გახდება, მინიმუმ ჩვენი თაობისთვის. ამიტომ ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობაც, ეკონომიკური კავშირებიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
მეტსაც ვიტყვი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ევროკავშირისთვის და ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც დერეფანი, აქაც ცოტა ვაჭარბებთ ჩვენს როლს შეგნებულად და ასეც უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ყველა მოხერხებული დერეფანი, მოქმედებს საქართველოს გვერდის ავლით. ჩრდილოეთის დერეფანი დაიკეტა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, სამხრეთის დერეფანსაც თავისი პრობლემები აქვს და ეს ქმნის შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობას. ვერ იტყვი, რომ ეს ყველაზე მოხერხებული მარშრუტია, მაგრამ თავისი წილი ამ მარშრუტს შეუძლია შეიტანოს გლობალურ ვაჭრობაში და ეს წილი სრულიად საკმარისი იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. უბრალოდ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს წილი იყოს არა 0,5, არამედ, 1,5 %. შესაბამისად გაიზრდება საქართველოს შემოსავლებიც და წონაც ამ პროექტში მონაწილე ქვეყნების თვალში, იქნება ეს ჩინეთი და აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები თუ იქნება დასავლეთი ევროპის ქვეყნები,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა