„საკითხი მარტივია, სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი ყველამ იცოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა კანონი, რა არის მის მიმართ მოთხოვნა. ის ასევე აღიარებს, რომ განზრახ დაარღვია კანონი. შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა, აღკვეთის ღონისძიებად გირაო გამოყენებულიყო და ამასაც განზრახ არ დაემორჩილა. ასე რომ, თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აქ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაუგებარია. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"მეორე მხრივ, ამასთან დაკავშირებით ვნახე PASE-ს, ALDE-ს და მისი ჯგუფის ხელმძღვანელის, იულიან ბულაის გამოხმაურება. პარტიების გაერთიანების განცხადება, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულობაზე, სავსეა დეზინფორმაციით და სამართლებრივი სახელმწიფოს არაღიარების პრინციპით. კერძოდ, ტყუილია ბატონი ბულაის და ALDE-ს განცხადება, თითქოს საელჩოებს არ ჰქონდათ დასწრების შესაძლებლობა. პირიქით, თუ არ ვცდები შვედეთის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასე რომ, ტყუილს წერენ; მეორე ტყუილია, თითქოს ეს იყო დახურული სხდომა. ეს იყო ღია სასამართლო სხდომა, რაც იმითაც დასტურდება, რომ რამდენიმე ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა; მესამე ტყუილით, ALDE და იულიან ბულაი თავს ესხმიან დამოუკიდებელ მედიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაც PASE-ს წევრის მხრიდან სამარცხვინო საქციელია. თავს ესხმის, თითქოს მარტო მათ შეეძლოთ გადაღება. არადა, საუბარია პირდაპირი ჩართვის სიგნალის მიწოდებაზე და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა სასამართლოში, როდესაც ბევრი მსურველია და არ არის ამისი ტექნიკური თუ ტერიტორიული შესაძლებლობები, პირდაპირი სიგნალი ჰქონდათ. არ არსებობს კადრი, რომელიც არ ჰქონდათ პირდაპირ ეთერში ნებისმიერ ტელევიზიას და ინტერნეტპლატფორმას; მეოთხე – თავდასხმა არის სამართლებრივ სახელმწიფოზე და დემოკრატიის პრინციპზე, როცა საუბრობენ ცრუ სასამართლოზე. გამოდის, რომ მაშინ ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ აღიარებენ. ALDE-მ და ბულაიმ განცხადებაში ოთხი ტყუილი თქვეს.

შეგახსენებთ, ბატონი ბულაი იყო PACE-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საპარლამენტო არჩევნებში, რომელმაც დადო ყალბი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ეს ადამიანი როდესაც ამდენ ტყუილს ამბობს ერთ მარტივ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც მთელი საქართველო ვუყურებდით, ხომ?! ყველამ ვიცით, რა ხდებოდა გუშინ. ცოტა ხნის წინ მან ასევე ტყუილი გაავრცელა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, თითქოს დაკავების დროს მოხდა მისი წამება. სად არის, აბა, ეს წამება, ან მისი განცხადება სად არის, ან სადმე პრეტენზია წამებასთან დაკავშირებით. ეს კარგი საშუალებაა, რომ დავასკვნათ, რასთან გვქონდა ჩვენ საქმე 2024 წლის არჩევნებში, როდესაც PACE-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ადამიანი, რომელმაც ჩვეულებრივად ყალბი დასკვნა დადო არჩევნებთან დაკავშირებით და დღემდე განზრახ ტყუილებს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არის სირცხვილი PACE-სთვის. არჩევნებთან დაკავშირებით სხვა საქმეა კიდევ, რას აკეთებდნენ მაშინ, თუმცა ფაქტი უკვე ხელისგულზე დევს, რომ ეს ადამიანი ავრცელებს დეზინფორმაციას. თან, როგორც იტყვიან, მამალ ტყუილს საუბრობს, რომელიც არ დაიმალება. როგორ შეიძლება თქვა, რომ იყო დახურული სხდომა, როცა იყო ღია?! როგორ შეიძლება თქვა, რომ საელჩოები ვერ ესწრებოდნენ, როცა იქ ისხდნენ ადამიანები ფიზიკურად?! ვის ატყუებს ახლა ეს ადამიანი? მე ერთი რამ, მინდა, ვისურვო, რომ ამ ადამიანმა თავადვე უარყოს მის მიერ გავრცელებული ტყუილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 16 აპრილის  ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.

პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.