მიმდინარეობს ერთიანი დირექტივის შემუშავება, რომელიც დაავალდებულებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ზუსტად ამ პროცესის ნაწილია საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისთვის საჭიროა, ნებისმიერი უცხოური გავლენა გამჭვირვალე იყოს.

„სხვა დროსაც მითქვამს, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია. ის, რაც მისაღებია ევროკავშირისთვის ან ევროპული ქვეყნებისთვის, რატომღაც მისაღები არ უნდა იყოს საქართველოსთვის. სამწუხარო დამოკიდებულება აჩვენებს, რომ სხვებს უფლება აქვთ და ამ უფლებას ჩვენ არ გვაძლევენ. მეორე მხრივ, აჩვენებს უცხოური გავლენის შეზღუდვის საჭიროებას. პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა როდესაც არის, ამისთვის საჭიროა, გამჭვირვალობის გარკვეული დონე იყოს და მავნე ჩარევა შეიზღუდოს.

თავად ქალბატონი ფონ დერ ლაიენი არის ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისიის ინიციატივაა დირექტივა, რომელიც ევროკავშირში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს ეხება. ეს, გარკვეულწილად, აჩვენებს საქართველოს მიმართ ფარისევლურ დამოკიდებულებას, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირში დირექტივა მუშავდება, კანონს იღებს საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკაში მოქმედებს, ყველა ქვეყანა ამაზე ფიქრობს. ზუსტად იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა დაფიქრდა, მიმდინარეობს ერთიანი დირექტივის შემუშავება, რომელიც დაავალდებულებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ზუსტად ამ პროცესის ნაწილია საქართველო. გარშემო პროცესებს ხედავთ, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალშია მოქცეული საქართველო. იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ საქართველოში, საჭიროა, ნებისმიერი უცხოური გავლენა ქართველი ხალხისთვის გამჭვირვალე იყოს, რათა მავნე გავლენები გამოირიცხოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.