ბოლო წლების გამოცდილებამ გვასწავლა, ვიცოდეთ ერთი რამ, ჩვენი ერთადერთი საზომია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ასე ველაპარაკებით აშშ-საც, ევროკავშირსაც და ყველა ქვეყანას - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა შეეგუს ფაქტს, რომ საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესებით მოქმედებს.

"რაც არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, მზად ვართ იმ საკითხებზე შევთანხმდეთ. არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის განვითარებაა, ამიტომ, ნებისმიერი ნაბიჯზე, რომელიც ამას ემსახურება, მზად ვართ წავიდეთ, ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ამას ეწინააღმდეგება, როგორიცაა რუსეთთან ესკალაციისკენ ბიძგი, რასაც ევროკავშირი ცდილობს ბოლო რამდენიმე წელია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ წავალთ.

იგივე ეხება მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას. თუ რამეს უნდა შეეგუონ გარე ძალები, უნდა შეეგუონ, რომ საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესებით. მანამ, სანამ აქ ვერ დასვამენ მარიონეტულ ხელისუფლებას, ვერ დასვამენ იმ ხალხს, ვინც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებს, მანამ საქართველოს ექნება საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.