დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია არ გაიხსნა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კვორუმი არ არის და პროცედურულად სხდომა ვერ გაიხსნება.
„გათვალისწინებული არის განმეორებითი რეგისტრაცია ხოლმე, თუმცა ვინაიდან არის მკაფიო გადაწყვეტილება ოპოზიციის, რომ არ გაიაროს რეგისტრაცია და მეორე მხრივ, ფრაქციის ხელმძღვანელმაც თქვა, რომ ფიზიკურად უმრავლესობის ნაწილი 76 დეპუტატი ადგილზე არ არის, მათ შორის ნაწილი არის ფრანკოფონიის კონფერენციაზე, ამიტომ განმეორებით რეგისტრაციის ჩატარებასაც აზრი ეკარგება, გარდა იმ შემთხვევისა თუკი ოპოზიცია მომმართავს და მზადყოფნას გამოხატავს გაიაროს მომავალში რეგისტრაცია“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, დამატებით რეგისტრაციის გავლას აზრი დაკარგული აქვს. „რაც შეეხება სხვა დღეებს - ჩვენ ხვალაც უნდა შევკრებილიყავით, თუმცა თუკი პოზიცია არ შეიცვალა და ოპოზიცია არ მომმართავს, რომ მზად არის რეგისტრაცია გაიაროს და არ მექნება დასტური უმრავლესობიდან, დარბაზში 76 ადამიანის ყოფნაზე, დარბაზიც არ გაიხსნება და არც რეგისტრაციას ჩავატარებთ, ვინაიდან წინმსწრებად ცნობილი იქნება, რომ არ არის უმრავლესობა. აქედან გამომდინარე მინდა ორ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პრინციპში ამ თქვენი ქცევითაც დაადასტურეთ ორი რამ: ერთი, რომ როდესაც უმრავლესობა იყო დარბაზში და არ გადიოდა რეგისტრაციას ამ პროცედურის ლეგიტიმაცია თქვენ მოახდინეთ ახლა ხელახლა და მეორე, როდესაც აპრიორი ცნობილი არის, რომ დარბაზში არ იქნება 76 - კვორუმისთვის საკმარისი ადამიანი, ამ დროსაც აზრი არ აქვს რეგისტრაციის ჩატარებას, ორივე შემთხვევა გვქონდა ჩვენ წინაზე დაფიქსირებული, რასაც თქვენ აპროტესტებდით და ამბობდით, რომ რეგლამენტის დარღვევა და კონსტიტუციის დარღვევაა. თქვენი დღევანდელი აქტითაც დაადასტურეთ, რომ ეს არის ნაწილი საპარლამენტო ცხოვრების. მეც გიდასტურებთ. დაველოდებით, რომ უმრავლესობაში იყოს საკმარისი ადამიანი, დასტური მქონდეს, რომ შევიკრიბოთ. წინასწარ, რა თქმა უნდა, გაცნობებთ ანონსის სახით მას შემდეგ რაც იქნება დასტური რომელ დღეს რომელ კვირას, რომელ თვეს იქნება უმრავლესობა და გაიმართება სხდომა. დღეს სხდომა გახსნილი არ არის“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.