თქვენთან მიმართებაში რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა. რაც შეეხება თანამშრომლობით და ნდობით ურთიერთობას, ეს ორმხრივი მოძრაობის გზაა და ზოგადად, უნდა არსებობდეს თანამშრომლობითი გარემო, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში არ არის უზრუნველყოფილი.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გაწერილია ის ინსტრუმენტები, რომელიც პარლამენტის წევრს აქვს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის და ყველას აქვს შესაძლებლობა ეს მეთოდები გამოიყენოს.
„როცა კომიტეტის ვიზიტი იყო, თუ არ ვცდები, თქვენ ბრძანდებოდით. ასევე იყო საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტიც. რაც შეეხება განსაკუთრებით საგარეო ვიზიტებს, დელეგაციის ხელმძღვანელი ადგენს შემადგენლობას. დელეგაცია წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის სახელით გამოდის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელის სიტყვა გადამწყვეტია ამ მხრივ, როგორი კონფიგურაცია ჰქონდეს დელეგაციას. არსებობს შერეული ჯგუფებიც და თქვენ გაქვთ საშუალება, როგორც სხვადასხვა ასამბლეაში წევრს საქართველოდან, იქ მიიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.