საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები თავიდან ბოლომდე ჩართული არიან შიდა პოლიტიკაში, ვენის კონვენციის დარღვევით.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ჩვეულებრივ კონფლიქტშია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან.

„როგორც ჩანს, კიდევ შეხსენებაა საჭირო, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ, მოიცავს ორ საკითხს. პირველი არის ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების იმუნიტეტი და პრივილეგიები. მათ აქვთ სამართლებრივი იმუნიტეტი, საგადასახადო პრივილეგიები, განსაკუთრებული სტატუსი აქვს ყველა ელჩს, ჩვენს ელჩებს სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნის დიპლომატებს ჩვენთან. იმავე მუხლში წერია, რომ ამის საპირწონედ, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საკითხებში ჩარევა. ეს არის ანი და ჰოე დიპლომატიური ეტიკეტისა და სტანდარტისა. დღეს ვხედავთ, რომ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ჩვეულებრივ კონფლიქტშია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან, ზოგ შემთხვევაში, მათ კომენტარებს როცა ვისმენთ, ვხედავთ, რომ მათ პერსონალურ ზიზღშიც აქვთ გადაზრდილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. რა არის დიპლომატის ამოცანა, რომ ქვეყნის ხელისუფლებებს შორის იყოს კომუნიკაციის ხიდი და მიესვლებოდეს ხელსუფლებასთან. როდესაც დიპლომატი დაკავებულია თავდასხმებით ხელისუფლების მიმართ, დაკავებულია თავდასხმებით ხალხის მიმართ. თავის ადგილსამყოფელ ქვეყანაში, როდესაც დიპლომატს აქვს შექმნილი თავისი ვიწრო წრე, რომელსაც ის ფულს უხდის და ის მიაჩნია იქ ხალხად და სხვას ხალხად არ თვლის, რა თქმა უნდა, ის გადის დიპლომატიური პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან და ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკოსი.

ამიტომ არის მეორე კატეგორია, როდესაც კრიტიკაზე ვსაუბრობთ და ეს კატეგორია არის ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში, ელჩი თუ სხვა თანამშრომელი საელჩოსი, რომელიც რიგით ქართველ პოლიტიკოსად არის ქცეული, პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს, თუ ქცევის წესს და სტანდარტებს. თუკი ამ ნაბიჯზე მიდიან და ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაშინ მით უმეტეს, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც მათივე დაფინანსებით არის რიგ შემთხვევაში დამკვიდრებული, ცუდ სტანდარტს ვგულისხმობ. თუკი ვინმეს უნდა, იყოს მიღმა პოლიტიკური დებატებისა, მაშინ ვენის კონვენცია აძლევთ ამის ჩარჩოს, სადაც წერია, რომ ისინი არიან განყენებული, პრივილეგიებით მოსარგებლე პირები, იმ პირობით, რომ ისინი არ ერევიან საშინაო საქმეებში. არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში და კაციშვილს არ ახსოვს, იმდენი ელჩია საქართველოში, რომელზე გახსოვთ ან კრიტიკული განცხადებები, ან მოქალაქეებს ჰქონოდეთ ამხელა კრიტიკა, მაგრამ იმ ელჩებმა, რომლებიც დაკავებული არიან ქართველ ხალხზე თავდასხმით, უნდა აიტანონ კრიტიკა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.