ვნახეთ იუსტიციის სამინისტროს რეაგირება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის მიმართ და, სავარაუდოდ, პრეზიდენტმაც უკვე საბოლოოდ მოაწერა ხელი. შესაბამისად, სანქციები სრულად ვრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როცა საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქეს, ასეთ დროს სანქციის ავტომატურად გაზიარება ვერ მოხდება.
„ყველაფრის ერთმანეთში არევა და მანიპულაცია ხდება, მათ შორის გარკვეული ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებით. პირველად მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოს მოქალაქე სრულად უნდა სარგებლობდეს იმ კონსტიტუციური გარანტიებით, რომლებიც არსებობს და ასე უაპელაციოდ სანქციებს ვერ გადმოიღებს.
ეროვნული ბანკის საკითხი შეეხება მხოლოდ საბანკო ფინანსურ ტრანზაქციებს. რაც შეეხება სხვა ტიპის სანქციებს, საქართველოს ისედაც ასეთი მიდგომა აქვს და ჩვენ ავტომატურად არ ვუერთდებით სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. ყველა ქვეყანას ასეთი დამოკიდებულება აქვს, არც ევროკავშირი იზიარებს ავტომატურად ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს და პირიქით, აშშ ავტომატურად არ იზიარებს ევროკავშირის სანქციებს, მათ აქვთ საკუთარი სანქციები დაწესებული. უპირველეს ყოვლისა, ყველა პატივს ცემს იმ უფლებებს, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ და სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებებს უაპელაციოდ არ იღებს. აქაც ასე მოხდა. ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ და ჩვენი მოქალაქეები გვირჩევენ, გვანდობენ ხელისუფლებას, მათ შორის გვავალებენ, რომ მათი უფლებები სრულად იყოს რეალიზებული, მაშინ ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია.
პარალელურად, დაწყებული იყო საკითხის გამოკვლევა, რამდენად იყო იმის პირობა, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობა დაეკარგა. ვნახეთ იუსტიციის სამინისტროს რეაგირება და, სავარაუდოდ, პრეზიდენტმაც ამას უკვე საბოლოოდ მოაწერა ხელი. შესაბამისად, გვაქვს სიტუაცია, რომ სანქციები სრულად მოქმედებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძე აღარ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, სრულად ვრცელდება. არანაირი ზიანი არ მიყენებია არც სანქციების შესრულებას, არც საქართველოს მოქალაქეებს და არც საერთო ინტერესს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.