სააკაშვილის საქმიანობის პოზიტიური შეფასება ქართველი ხალხის დაცინვაა. მისი შესაძლო შეწყალებაც იქნებოდა ქართველი ხალხის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლთა დაცინვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილის ასარჩევი არის, რომელ გზას აირჩევს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაული, კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს, ასევე არის დანაშაულები, რომლებზეც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დროს საქართველოში შეიქმნა ადამიანების წამებისა და ღირსების აყრის რეჟიმი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი საქმიანობის ნებისმიერი პოზიტიური შეფასება ქართველი ხალხის დაცინვაა და შესაძლო შეწყალებაც იქნებოდა ქართველი ხალხის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლთა დაცინვა. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილის ასარჩევი არის, რომელ გზას აირჩევს. ნიკა გვარამიას შემთხვევაში, რამდენიმე ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ წინასწარ ჰქონდათ საკითხი გავლილი სალომე ზურაბიშვილთან, წინასწარ იცოდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა. ქართველმა ხალხმა არ ვიცოდით და თურმე ვიღაც უცხოელ პოლიტიკოსებთან აქვს ამაზე საუბარი. სალომე ზურაბიშვილმა ეს გზა აირჩია, გზა არა ქართველი ხალხის მსახურებისა, არამედ სხვების მსახურების. ალბათ როგორი იქნება მასზე ზეწოლა, იმისდა მიხედვით, შესაბამისად მიიღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.