ერთი რამ ვიცით დანამდვილებით, რომ რუსეთს აქვს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული და ეს ოკუპაცია არის დასასრულებელი. ამ ოკუპაციის დასრულება მნიშვნელოვანი არის დამატებითი მსხვერპლის გარეშე, რაც მთავარია და არა ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოუდგენია, რომ ცეცხლით და მახვილით უნდა იყოს საქართველოში ბრძოლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ქსენოფობიაა საუბარი იმაზე, რომ რუსი ეროვნების ადამიანი და რუსული ენის გაგონება არის პრობლემა.

„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ საუბარია მოქალაქეებზე და არა მხოლოდ ეთნიკურად რუსებზე, მათ შორის არის ბევრი ეთნიკურად ქართველი და ისინი, ვისაც აქვთ კავშირი საქართველოსთან. და სწორედ იმიტომ, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი, ისინი დაბრუნდნენ საკუთარ კერაში. ხოლო, რაც შეეხება ეთნიკურად რუსებს, კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ქსენოფობიური განცხადება, მათ შორის, ამას წინათ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ქსენოფობიური განცხადება, რომ რუსული ენის გაგონება არის პრობლემა თურმე ქართველი ხალხისთვის, ეს არის აბსოლუტური ქსენოფობია, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს. ყველაფერთან ერთად, ჩვენ, საქართველოში 10 000-ზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომელთათვისაც მშობლიური ენა არის რუსული ენა და ასეთი საუბარი ეროვნებაზე, ეთნოსზე არის ქსენოფობია, რაც არის დასაძრახი და არ მიკვირს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან. მან კონსტიტუცია სადაც ერთგან დაარღვია, ადამიანის უფლებებშიც ალბათ, ახლაც თვლის, რომ ასეა. საუბარი იმაზე, რომ რუსი ეროვნების ადამიანი, რუსული ენის გაგონება, ეს არის პრობლემა, ეს არის ქსენოფობია და ადამიანი თუ ამაში ვერ ერკვევა, კიდევ უფრო დიდი პრობლემა ჰქონია, რომ ისიც არ იცის, რომ ქსენოფობია არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.