„ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყველა ქართველს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 

შალვა პაპუაშვილის თქმით,  ქართველთა დიასპორების გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეინარჩუნონ ეროვნული თვითმყოფადობა.

„ამ მიმართულებით მრავალი ღონისძიება ხორციელდება, მაგრამ დღეს ყურადღებას გავამახვილებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსზე „ქართული კალიგრაფია“. დღევანდელი ღონისძიება სწორედ საკვირაო სკოლის გამარჯვებულ მოსწავლეთა შესანიშნავი ნამუშევრების ფონზე მიმდინარეობს. ქართული დამწერლობა და ქართული კალიგრაფია ჩვენი ისტორიის, კულტურის, ღირებულებების ვიზუალური წარმოჩინებაა. მადლობას გიხდით კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის და მშობლიურ ენასთან ასეთი მტკიცე კავშირების შენარჩუნებისთვის. აგრეთვე, დიდი მადლობა საკვირაო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც სამშობლოსგან შორ მანძილზე, დიდ შრომას დებენ, რათა ჩვენს ახალგაზრდა თანამოქალაქეებს ყველაფერი მშობლიური შეაყვარონ.

ჩვენს დიასპორელებთან ურთიერთობების განვითარების, მათი უფლებების დაცვის, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის კუთხით, აღსანიშნავია ჩვენი საელჩოებისა და საკონსულოების წამყვანი როლი. დღეს გერმანიაში ქართული დიასპორის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის  მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული გიორგი ტაბატაძე დაჯილდოვდება. ბატონო გიორგი, გილოცავთ და მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია.

„მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენს დიასპორელებთან, და ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ნათელი, მშვიდობიანი და წარმატებული მომავლისთვის.

მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნის სასიკეთო საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ!“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.