მძიმე კადრები, რომელიც ვიხილეთ იმ დღეებში, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იყო არამხოლოდ დაგმობილი, არამედ მოწოდება იყო სამართალდამცველების მიმართ, ყოფილიყვნენ ზედმიწევნით ფრთხილები, არ წამოგებოდნენ პროვოკაციას, არ ყოფილიყო ძალის გადაჭარბება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს 2024 წლის აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტებზე პროკურატურის მიერ სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის, ასევე შსს-ს თანამშრომლის დაკავებაზე.

პაპუაშვილის თქმით, არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა, ამაზე იყო კიდეც საუბარი და რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მტკიცებულებებით შეუძლია, წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი გადაიდგა.

„ამ საკითხზე პროკურატურა მუშაობდა და არაერთხელ უთქვამს, რომ პრობლემა იყო ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოო ჯამში, როდესაც პროკურატურამ მყარად ჩათვალა, რომ მტკიცებულებები აქვს კონკრეტული პირების მიმართ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს შესაბამისი ნაბიჯები მივიღეთ. ზუსტად ის ხდება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს. მძიმე კადრები, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ იმ დღეებში, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იყო არამხოლოდ დაგმობილი, არამედ მოწოდება იყო სამართალდამცველების მიმართ, რომ ყოფილიყვნენ ზედმიწევნით ფრთხილები და არ წამოგებოდნენ არანაირ პროვოკაციას, არ ყოფილიყო ძალის არანაირი გადაჭარბება. არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა, ამაზე იყო კიდეც საუბარი. რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მასალებით და მტკიცებულებებით არის ის, რომ წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი გადაიდგა. აქ არაფერი იცვლება ამ მხრივ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.