საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დავიჭირეთ პრემიერის ინიციატივას. რიგგარეშე სესიის ფორმატში გვექნება შესაბამისი კანონპროექტების განხილვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რაზეც იყო საუბარი არის ნარკოდანაშაულები და მათ შორის საზოგადოებაში ნარკოტიკის მოხმარების გავრცელება. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ შსს-ს ძალიან აქტიურ ქმედებებს და ამოღებული ნარკოტიკებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია ამ მხრივ ძალისხმევის გაძლიერება, შესაბამისად პარლამენტი შექმნის ყველანაირ საკანონმდებლო პირობას რომ ერთის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ ყველა ინსტრუმენტი ნარკოდანაშაულის აღმოსაფხვრელად, მეორე მხრივ კი ამოივსოს ყველა შესაძლო საკანონმდებლო ხვრელი, რომელიც შესაძლოა ახალისებდა, ან სათანადოდ არ აღკვეთდა შესაძლებლობას, გამოყენებული ყოფილიყო ფსიქოტროპული ნივთიერებების თუ სხვა მხრივ ლეგალური შეძენის არხები. ამიტომ, ყველა ამ მიმართულებით კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები იქნება მიღებული, რომელმაც თვისებრივად უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.