"არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, ის რადიკალური ოპოზიციაა, რომლებმაც საკუთარი მხარდამჭერების მიერ მინიჭებული მანდატები დახიეს და პარლამენტი დატოვეს. ასე რომ, მათ არანაირი ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის და, მათ შორის, საკუთარი მხარდამჭერების მიმართ არ გააჩნიათ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხრიდან საკუთარი მხარდამჭერების კრიტიკას ეხებოდა.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია ანგარიშვალდებულად თავს მხოლოდ საკუთარი დამკვეთების, უცხობ ძალების მიმართ გრძნობს.
"ამაზე ვსაუბრობდით ზუსტად, როდესაც ვამბობდით, რომ მანდატების დახევა არის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩევლისთვის ამ მანდატების სახეში შეყრა. პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი ერთადერთი, ვის მიმართაც ანგარიშვალდებულებას გრძნობენ, არიან უცხო ძალები.
ვხედავთ, რომ ისინი თავს ლაღად ვერ გრძნობენ რეგიონებში, ხალხთან შეხვედრების დროს, ისინი ლაღად გრძნობენ თავს ელჩებთან, ოფისებში და ბრიუსელის სხვადასხვა დერეფნებში, - ეს არის მათი ბუნებრივი გარემო, ვინაიდან საიდანაც იღებენ დაკვეთას, მათ მიმართ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას.
ვნახეთ, როგორ მოეპყრნენ იმ დაკვეთას, რაც მათ საკუთარმა ამომრჩეველმა მისცა 2024 წელს - მანდატები დახიეს და გადაყარეს ნაგვის ურნაში. ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის და მხარდამჭერების მიმართ. ერთადერთი, ვისაც ისინი არ უბედავენ ასეთ ტონს, არის ზოგიერთი უცხოელი ელჩი, რომლებზეც ვხედავთ, რომ მათთან აწყობს კონსპირაციული შეხვედრებს და დირექტივების მიცემით არის დაკავებული, ასევე პოლიტიკური ჯგუფები ქვეყნის გარეთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










