ამათ თუ მიეცათ საშუალება რომ ხელისუფლებაში იყვნენ, დაერევიან ყველას. ეს არის გარკვეულწილად წამოცდენა ამ პოლიტიკოსების მხრიდან, რასაც აპირებენ და რაც გაწერილია, მათ შორის ქარტიაშიც, რომ საჯარო სექტორს დაერევიან და ჩაატარებენ რეპრესიებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ.

მისი თქმით, სადისტური რეჟიმის შემოქმედნი ამას აკეთებდნენ ადრეც და იმავეს გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც.

„ეს გამოვლინებაა იმისი, რასაც აპირებენ თუ ხელისუფლებაში მოვლენ. „გამოთაყვანებული“ და მტრად გამოცხადება კი არა, სათითაოდ გაჟუჟავენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. ამას აკეთებდა ეს ხალხი 2012 წლამდე ციხეებში წამების სისტემით, ზღვაში ნავით გაყვანით და იქ დახრჩობით, გზაზე გაჩერებით და ადამიანის დახვრეტით, კორტებთან მოქალაქეების თვალწინ ადამიანების ჩახოცვით, ოქროყანაში ადამიანის აყვანით და ცემით და მოკვლით, დეპუტატის სიკვდილამდე მიყვანით, რომლის გამოც ახლა სასჯელს მიხეილ სააკაშვილი იხდის. ახლა უბრალოდ სიტყვა უსწრებთ წინ და რისი გაკეთებაც უნდათ სინამდვილეში ამას საუბრობენ. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სადისტური სისტემის შემოქმედები იყვნენ და რომელთაც დღეც ზოგიერთი უცხოელი გულში იხუტებს და ამით ამ სადიზმის თანამონაწილე და და გამმართლებელი ხდება, ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, ზუსტად იმას განახორციელებენ რაც გულში უდევთ - დაერევიან ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. დააკვირდით ამ კამპანიებს - სპორტსმენების მიმართ, საარჩევნო სიაში მყოფი პირების მიმართ, საარჩევნო კლიპში მონაწილეების მიმართ. ესენი არ არიან მხოლოდ ლიდერები, არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათი ამომრჩევლებიც, რომლებიც სოცქსელში უბრალოდ ადამიანებს სიტყვიერად ანადგურებენ. ამათ თუ მიეცათ საშუალება, რომ ხელისუფლებაში იყვნენ, დაერევიან ყველას, მედიასაც და მერე იკითხონ როგორია აქტივიზმი - ადვილია თუ არა საქართველოში. ეს არის გარკვეულწილად წამოცდენა ამ პოლიტიკოსების მხრიდან, რასაც აპირებენ ისინი და რაც გაწერილია, მათ შორის ქარტიაშიც წერია, რომ საჯარო სექტორს დაერევიან და ჩაატარებენ რეპრესიებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.