ოპოზიციას არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მისი თქმით, შესაბამისად, არ არსებობს მოლოდინი, რომ ოპოზიცია აღიარებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს.
„მათ არ აღიარეს 2012 წლის არჩევნები და აღიარებას დასჭირდა სენატორ შაჰინის მისვლა საქართველოს პრეზიდენტთან და უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა დაათმობინა სააკაშვილს მაშინ პოზიცია და ააღიარებინა არჩევნები. 2016 წელსაც არ აღიარეს, რამდენიმე კვირა დასჭირდათ რომ მანდატები აეღოთ, ასევე არც 2020 წელს აღიარეს და 1 წელი დასჭირდათ რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ. შესაბამისად, არანაირი ლოგიკური მოლოდინი არ გვაქვს რომ 2024 წლის არჩევნებს აღიარებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადება.
„ამ მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 229 პლენარული სხდომა, საიდანაც 93 სხდომას, ანუ 40%-ს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ამათზე ზოგიერთი უცხოელი გვეუბნება, რომ ესენი ევროპული ოპოზიციაა. რა არის პროევროპულობა, რომ არ აღიარებ არჩევნებს? ის რომ სხდომების ნახევარზე არ დადიხარ? ის რომ მანდატს დებ და გადიხარ პარლამენტიდან, ანუ არ აღიარებ დემოკრატიულ არჩევნებს, ეს არის ევროპულობა? მაშინ ზოგიერთ ევროპელთან ვერ ვთანხმდებით ევროპულობაზე. ესენი არიან ანტიდემოკრატიული ძალები, რომლებიც ემზადებიან არა იმისთვის, რომ, არჩევნებით მოიპოვონ მანდატი, არამედ ემზადებიან იმისთვის, რომ როგორმე არჩევნებს გვერდი აუარონ, 26 ოქტომბერი აქციონ სკანდალის და პანიკის დღედ, რომ შემდეგ არიონ სიტუაცია. მაგრამ ხედავთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მშვიდი საარჩევნო გარემოა, რეგიონებში ისე ვატარებთ ღონისძიებებს, რომ ოპოზიციას საერთოდ ვერ ვხედავთ, ხალხს არ ხვდებიან, არიან უცხოელების იმედზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე - ექნება თუ არა ოპოზიციას უცხოელი აქტორების მხარდაჭერა არჩევნების არაღიარების კუთხით, პაპუაშვილმა ასე უპასუხა.
„ჩვენ მაშინაც ვნახეთ მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმა. მაშინაც არ იყო ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ნაკლები. მათ შორის აშშ-ის სენატიდანაც გავიგეთ, რომ ლეგიტიმაციას ზღვარზე გაიარა არჩევნებმაო. ამის თქმის საფუძველს რა აძლევდათ? - პარალელური დათვლის შედეგები. ვისი დაფინანსებული იყო? - აშშ-ის ბიუჯეტიდან. რომელი დონორი? - USAID. გაირკვა, რომ ორივე გვატყუებდა. რამდენი ხანია ვამბობთ, რომ გამოიძიონ ამერიკის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგებში ჩართულობის საკითხი. რა იცოდა მაშინდელმა ელჩმა ამასთან დაკავშირებით და ყველას შევახსენებ, რომ USAID განთავსებულია საელჩოს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა რთულია ვინმემ ამტკიცოს, რომ ის რაც იცის USAID-მა, არ იცის საელჩომ და ამ დროს ელჩი იყო ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შუამავალი. წარმოიდგინეთ სცენა, რომ ელჩმა იცის, რომ პივიტი არის ყალბი რაზეც მთელი ეს პროტესტია და ჩუმადაა - ეს ხომ მთლიან პროცესს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ? მე საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ფაქტი გამოიძიონ და სიმართლე დაადგინონ, თუმცა სამწუხაროდ რეაგირება არ არის. თუმცა მე ის მენიშნა, რომ იმასაც არ ამბობენ, რომ ეს ტყუილია. როდესაც ამასაც არ ამბობენ, დიდი ალბათობით სიმართლეა. იცოდა თუ არა ელჩმა ეს - მოკვლევამ უნდა დაადგინოს და ეს აშშ-ს ვალად ადევს, რადგან 2020 წელს ეს ქვეყანა კინაღამ ამოტრიალდა იმის გამო, რომ რომელიღაც ენჯეომ ყალბი შედეგები გაავრცელა, სხვა ენჯეოებმა მხარი აუბეს და ამაზე დაფუძნებით გახსოვთ ცესკოში, პარლამენტში ვარდებოდნენ. ამიტომ აშშ-ს სახელმწიფოს ქართველი ხალხის ვალი აქვს, რომ ამ საკითხში სიცხადე შეიტანოს, გამოიძიოს ეს საკითხი და გაგვცეს პასუხი - რა იცოდა, ვინ იცოდა, თუ იცოდა რატომ მალავდა და რა მოტივები იდგა ამ ყველაფრის უკან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.