რაღაც პროცესების ახსნა თუ მართლა აინტერესებთ, ერთადერთი, ვინც უნდა დაეკითხა ჰელსინკის კომისიას, იყო კელი დეგნანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც კელი დეგნანიც ესწრებოდა.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა იცოდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლა (PVT) გაყალბებული იყო.

„ამ სხდომაზე კელი დეგნანის დანახვით მგონი, ყველაფერი ნათელი გახდა. მართლა თუ აინტერესებთ რაღაც პროცესების ახსნა, ერთადერთი, ვინც უნდა დაეკითხა ამ კომისიას, იყო ქალბატონი კელი დეგნანი. ის უნდა დაეკითხათ 2020 წლის PVT-ის გაყალბების საკითხზე. ჩვენ დღეს დადასტურებით ვიცით, რომ „ისფედმა“ გააყალბა PVT-ი. დადასტურებით ვიცით, რომ USAID-მა იცოდა, PVT იყო ყალბი რიცხვები და დიდი ალბათობით, 99%-ის გარანტიით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინდელმა ელჩმა, კელი დეგნანმა იცოდა, რომ იყო ყალბი რიცხვები. USAID-ი ზის საელჩოში, არის სახელმწიფო სტრუქტურა და შეუძლებელია, მას დაემალა ელჩისთვის. თუ არადა, მაშინ ისიც უნდა თქვას, დამიმალესო. შესაბამისად, 2020 წელს „ისფედის“, „ენჯეოების“ ჩართვით, USAID-ის დაფინანსებით იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით და ამაში მონაწილეობდა ბევრი ადამიანი. დღეს ტრამპმაც ამხილა ეს ყველაფერი. მეორე, ჩვენ რაც ვიხილეთ, ვიხილეთ ანტიტრამპისტები მათ შორის, ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის სახით ამბობდნენ, რომ ტრამპმა რუსეთის ჩარევით გაიმარჯვა და ა.შ. იქ მჯდომი ხალხი მათ შორის. ეს ერთი ნაწილი და მადლობა ჰელსინკის კომისიას, რომ ასე ერთად ვნახეთ „დიფ სთეითის“ აგენტები.

რაც შეეხება ამ ორ ქალბატონს, რომლებიც იქ ისხდნენ და საქართველოს წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას, მოღალატეებს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სათანადო ადგილი მიეჩინებათ. ეს ორი მოღალატე საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა. ზურაბიშვილის შემთხვევაში არა, მაგრამ ხიდაშელის შემთხვევაში ხომ არის, რომ ჩვენებას იძლევა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც ის შობა და აღზარდა. ეს ორი მოღალატე თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს საქართველოს ისტორიაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის ექს პრეზიდენტი რომ ჩამოვიდეს და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისცეს ჩვენება ამერიკის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი. ხიდაშელის და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს. ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ. ეს არის ყველა აგენტის ხვედრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჰელსინკის კომისიაში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმის სტატუსით წარდგნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. მოსმენას დარბაზში ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი.