„მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები ქვეყნის შიგნით.
„ზოგადად, საინტერესო დოკუმენტია. თქვენ სხვადასხვა ადამიანის მხრიდან მოგისმენიათ შეფასებები, თითქოს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილია ესა თუ ის ქმედება. ამ დოკუმენტს თუ წაიკითხავთ, ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს კლასიკური მაგალითი, სადაც პირდაპირ გაწერილია არეულობის გეგმა. მათ შორს, იხილავთ ისეთ ნაწილებს, სადაც წერია, რომ „ქართული ოცნების“ უცხოელი დამკვირვებლის დასტურით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, თუკი არავინ, არცერთი დამკვირვებელი, გარე აქტორები კითხვის ნიშანს არ შეიტანენ, მოუწოდებს აშშ-ს და ევროკავშირს, რომ უნდა დააკვირდნენ პროტესტს, რომელიც ამას მოჰყვებაო. იმას კი არ ამბობენ, რომ ამერიკამ და ევროპამ უნდა უთხრას თავის „ენჯეოებს“, რომ აღიარონ არჩევნები და პროტესტს შეეშვან. პირდაპირ დებს სცენარს, რომ პროტესტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებული იქნება ეს დამკვირვებლების მხრიდან და ამ პროტესტს უნდა მიეხმარო. ეს რა არის, თუ არა პირდაპირი სცენარი არეულობის და დემოკრატიის ძირის გამოთხრის. ამიტომ ეს დოკუმენტი, საერთოდ არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში აღნიშნულია: „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.