„გუშინ ჩემი განცხადება ეხებოდა ორ საკითხს, ერთი იყო რუსეთისადმი სანქციების დაწესების მოთხოვნას და მეორე უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნის საკითხს. როგორც ვნახე „ლელოს“ გამოხმაურება, ბატონ კუპრაძეს ეწერა, რომ არასდროს მოუთხოვიათ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნა. თუმცა, არაფერი უწერია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ანუ გამოდის, რომ ამ საკითხზე შევთანხმდით. „ლელო“ ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. თავად თუ აქვთ მეხსიერებასთან პრობლემა არ მგონია, მაგრამ ძალიან მარტივი ტყუილი იყო, რომელიც ძალიან მარტივად გამოაშკარავდა. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
"მეორე საკითხი, რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერას. ჩვენ ვნახეთ არქივიდან ჩანაწერი. ამ ქვეყანაში ვართ ყველა და ის დღეები ყველას გვახსოვს. საბედნიეროდ, ციფრული არქივი უფრო მდგრადი და მყარი არის, შესაბამისად ჩვენი უახლესი ისტორია ვერ წაიშლება ასე მარტივად. ყველამ იცის, რა მოხდა, რაც იყო ქრონოლოგია. ყველას გვახსოვს პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგები, რომელსაც ჰქონდა ორი მოთხოვნა – სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა. ეს ის აქციებია, სადაც ქალბატონმა ლომჯარიამ თქვა, რომ სირცხვილის წვა აქვს და ურჩევნია ბომბების წვა ჰქონდეს, რადგან სანქციებს არ ვაწესებდით, არ ვაგზავნიდით მოხალისეებს. გვახსოვს უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც პირდაპირ ქართულ ენაზე მიმართა ქართველ ხალხს – მიდით და თქვენს მთავრობას მოსთხოვეთ, მოხალისე მებრძოლებს გაფრენის ნება დართოსო. ეს იყო 28 თებერვალს, ზუსტად მეორე დღეს სხდომა იყო და ზუსტად „ლელოს“ წარმომადგენლები და არამხოლოდ, ამ მოთხოვნას იზიარებდნენ და აყენებდნენ. ასე რომ, ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს.
რას უნდა მოველოდოთ „ლელოსგან“, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია თაღლითური მიზნით. ყველას გაგახსენებთ, ანაკლიის პორტი მათ თავიანთი თაღლითობისთვის უნდოდათ, არ გამოუვიდათ, სახელმწიფომ არ მისცა გაგრძელების საშუალება, უნდოდათ საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მილიარდ-ნახევრის ამოღება. ეს იყო მთელი მიზანი ამ პარტიის შექმნისა, შეექმნათ პოლიტიკური შლეიფი მათი სარჩელისა, რომელიც ჯერ ქართულ სასამართლოებში აწარმოეს და დამარცხდნენ. ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟებში ყველგან დამარცხდნენ და ყველამ ამხილა, რომ ეს იყო გამოგონილი, თაღლითური სარჩელი, რომ მილიარდ-ნახევარი ამოეღოთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან. თაღლითების მიერ თაღლითური მიზნით შექმნილ პარტიას, თაღლითობას ჩადის, საკონსტიტუციო სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან. ადგა მათი წარმომადგენელი და თქვა, რომ არანაირი სანქციები არ მოგვითხოვიაო. ბოლოს და ბოლოს 2024 წელს საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს თაღლითობა მხილებულია დიდი ხანია და ვხედავთ, რომ ცრუ ჩვენებებს აძლევენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









