ქართველი ხალხი ამ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს, მათ განაჩენი საკუთარ თავს მაშინ გამოუტანეს, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იქნება ეს დაფინანსება, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ოპოზიცია სრულად ჩამოკიდებულია უცხო ძალებზე.

„უკვე კვირები დარჩა წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებამდე. მგონი, ეს იწილო-ბიწილო უკვე დაასრულდეს. ჩვენ, ქართველი ხალხი ვემზადებით არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან ადგილზე მოსახლეობამ უნდა აირჩიოს თავისი თვითმმართველობა, რომელმაც მისი ყოფითი ყოველდღიური საკითხები უნდა მოუგვაროს. ანტიქართული ოპოზიცია რამდენად ჩაერთვება არჩევნებში, ეს მათი პრობლემაა. არც მათი მონაწილეობით მოემატება რამე ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს არის უკვე გაცხადებულად ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფები და არც მათი არმონაწილეობით დააკლდება რამე არჩევნებს.

ქართველი ხალხი რომ ამ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს, ეს ჩანს თუნდაც მათი ქცევიდან. მაგრამ ერთ რამეზე დავფიქრდეთ, ვისზე დადო ფსონი იმ ე.წ. ევროპამ, რომელშიც აღარაფერი ევროპული აღარ არის. ვისზე დადო ფსონი, ვინ დადიოდა საარჩევნო კამპანიაში, რომელი ქვეყნების ელჩები იყვნენ პირდაპირ ჩართული, რათა მოეყვანათ ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი ხელის პოლიტიკოსები?! თაღლითები, ადამიანები, რომლებიც დემოკრატიას არ აღიარებენ. ამათზე დებდა ფსონს და შემდეგ გამოდიან ეს ელჩები, თუ უცხოელი პოლიტიკოსები ა.შ. და გველაპარაკებიან ღირებულებებზე?! აბსოლუტურად ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფები ჰყავთ ფავორიტებად ამორჩეული. ასე რომ, მათ განაჩენი საკუთარ თავს მაშინ გამოუტანეს, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას. მაშინ დაღუპეს თავი როგორც ქართველებმა, როგორც პოლიტიკოსებმა, როდესაც დადგნენ ამ გზაზე. ახლა ამიტომაც შესციცინებენ თვალებში, ხან ერთ ქვეყანაში სხედან, ხან – მეორეში. ვინმე გინახავთ სადმე რეგიონში?ჩადიან, რაიმე აქტივობა აქვთ?! ერთადერთი, სადაც დადიან, დადიან საზღვარგარეთ, რათა მიიღონ ინსტრუქციები და დაბრუნდნენ ამ ინსტრუქციების შესასრულებლად.

იქნება ეს დაფინანსება, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ოპოზიცია სრულად ჩამოკიდებულია უცხო ძალებზე. ეს ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ბოლოს ელჩებიც კი ჩაერთნენ, ოღონდ რაღაცნაირად მიეღწიათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ ანტიქართული ძალები და ამანაც არ უშველა. ასე რომ, არც 15 მილიონი უშველის და არც 115 მილიონი, როდესაც საქმე გვაქვს ანტიქართულ მოძრაობასთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, საქართველოში ანტიქართულმა ჯგუფებმა გაიმარჯვონ.

„როგორ შეიძლება, საქართველოში გაიმარჯვონ ანტიქართულმა ჯგუფებმა, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს, ეს ხომ გამორიცხულია. ხოლო რაც შეეხება ბულინგს, აიტანონ ახლა ერთმანეთის ბულინგი. ეს მათი შიდა პრობლემაა, ვინ ვის აბულინგებს და არ აბულინგებს. არიან მარიონეტი ფიგურები, რომლებიც სრულად იმართებიან გარედან. ეს დადასტურდა იმით, რომ არჩევნებზე ლამის ხელით დაატარებდნენ და მათ მესიჯებს ულაგებდნენ, იმეორებდნენ უცხოელები, რათა რაღაცნაირად იქნებ გაეთრიათ ხელისუფლებაში. ეს დასტურდება მათი ყოველდღიური ქცევით, მათ შორის იმით, რომ ყოველ მესამე დღეს უცხოეთში სხედან. რა უნდათ უცხოეთში? ხომ არის გამონათქვამი, რომ ქვეყნის საკითხები არ უნდა წყდებოდეს მის ფარგლებს გარეთ. მათ უნდათ, საქართველოს საკითხები გადაწყდეს სხვა დედაქალაქებში და ქვეყნებში. პირდაპირ, ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ იქნებ ვიღაცამ რაკეტა გვესროლოს და დაგვბომბოსო. გახსოვთ ხომ ტორესა მოსი, რომელიც ამაზე საუბრობდა, იქნებ ერთი რაკეტა ზუსტი დამიზნებით მოახვედრონ რაიმენაირად რუსთაველს და ამობუგონ აქაურობაო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტიდან პირდაპირ სიძულვილის გარემოს წაქეზება და დაფინანსება ხდება.

„პირდაპირ ფინანსდება სიძულვილის გარემო ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რათა შექმნან სწორედ ასეთი მდგომარეობა. ასე რომ, როცა არიან უცხო ძალების მარიონეტები, საბოლოო ჯამში, მათ არავინ არაფერს არ შეეკითხება და რასაც დაავალებენ, ზუსტად ისე მოიქცევიან. მისცემენ მილიონებს, მილიონებს დახარჯავენ, მისცენენ თეთრებს და ამ თეთრებზეც კი მზად იქნებიან, შეასრულონ დავალებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.