ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თავად თბილად სხედან თავიანთ ოფისებში და ადამიანები გაწირეს ციხისთვის.
„მათ პოლიტიკური განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანეს მაშინ, როდესაც არ აღიარეს ქართველი ხალხის ნება 2024 წლის არჩევნებზე და იქცნენ პირდაპირ იარაღად უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ასე, რომ მათთან სალაპარაკო არაფერია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი დღეს ვაჭრობენ ადამიანებით და ვაჭრობენ დემოკრატიით. ვხედავთ, მათი მეთოდი არ იცვლება. მოყოლებული 2012 წლიდან მათ აქვთ ერთი მეთოდი, ეს არის ადამიანების წაქეზება დანაშაულზე, გაწირვა სასჯელისთვის და შემდეგ ამ ადამიანებით ვაჭრობა. ასე იყო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩამოიყვანეს აქ და ციხისთვის გაწირეს, თორემ კი იყო თავისთვის მშვიდად უკრაინაში. ასე იყო მელიას საქმე, ასე არის მზია ამაღლობელის საქმე. ასე არის ყველა ეს საქმეები, სადაც მათ თავად წააქეზეს ადამიანები დანაშაულზე, შემდეგ გაწირეს ისინი ციხისთვის, მათ შორის, უცხოელებმა. მათ შორის, ელჩებმა გაწირეს იმით, რომ აქეზებდნენ მათ, არ აღიარო დანაშაული, არ ითანამშრომლო მართლმსაჯულებასთან. ამით წააქეზეს ის, რომ არ ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, არ ყოფილიყო მსუბუქი სასჯელი და ახლა ვაჭრობენ ადამიანებით. ეს არის პოლიტიკური ტრეფიკინგი, რითაც დაკავებულია დღეს რადიკალური ოპოზიცია და ზოგიერთი უცხოური ჯგუფი, პოლიტიკური თუ ორგანიზაცია. ეს არის ვაჭრობა ადამიანებით, რაც არის მეთოდი, რომელსაც ისინი ყოველ ჯერზე იყენებენ. უგულავას ამბები თუ გახსოვთ მაშინ და შემდეგ მსჯელობა, აბა შეიწყალებს ვინმე თუ არ შეიწყალებს, იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლება თუ არ იქნება, თუ რა და როგორ იქნება. ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით.
მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ყოველ ჯერზე არის თავდასხმა დემოკრატიაზე და შემდეგ უცხოელების ჩართვით, ჩარევით, რომ იქნებ რაღაც დათმოთ. იქნებ, პატარა შეღავათი გაუწიოთ. იქნებ, მანდატი კი დახიეს, მაგრამ სხვანაირად ჩართოთ და ა.შ. ეს არის ვაჭრობა დემოკრატიით. არც ადამიანებით ვაჭრობა და არც დემოკრატიით ვაჭრობა არ არის ევროპული ან რაიმე ცივილიზებული ქცევა და რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს შეყვეს ამ რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით ვაჭრობაში, რითაც ისინი არიან დაკავებულები. თავად თბილად სხედან თავიანთ ოფისებში და ადამიანები გაწირეს ციხისთვის. არც დემოკრატიით ვაჭრობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








