„ისკანდერის“ ფრაგმენტი საზღვარგარეთ იყო, რასაც ცალკე ძალისხმევა დასჭირდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო გასაგებია, ჩვენს პარტნიორებს, შესაძლოა, ჰქონდათ ინტერესი, შეესწავლათ ამ „ისკანდერის“ დეტალები, მაგრამ ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი იყო იმის დასადგენად, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულები იყო ჩადენილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ გასაკვირია, რომ ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება ყოველგვარი მიღება-ჩაბარების აქტების, დოკუმენტაციების გარეშე იყო გატანილი საქართველოდან და შემდეგ მის დაბრუნებას ხელისუფლების მხრიდან ძალისხმევა დასჭირდა.

"ისკანდერის“ ფრაგმენტი საზღვარგარეთ იყო, რასაც ცალკე ძალისხმევა დასჭირდა, რომ ეს ფრაგმენტი დაბრუნებულიყო საქართველოში. გასაგებია, რომ, შეიძლება, ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ ინტერესი, შეესწავლათ მაშინ ამ „ისკანდერის“ დეტალები და საინტერესო იყო, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი იმის დასადგენად, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულები იყო ჩადენილი. ამიტომ გასაკვირია, რომ ყოველგვარი მიღება-ჩაბარების აქტების, დოკუმენტაციების გარეშე ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება საქართველოდან გაიტანეს და შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მის დასაბრუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა, დაერწმუნებინათ ის ინსტიტუციები, ვისაც ეს მფლობელობაში ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ამან მოიტანა ყველა სასამართლოში გამარჯვება, თორემ პირწმინდად წაგებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ისეთ გზაზე იდგა ეს საქმეები, ეს იყო დამატებითი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ ინტერესზე, მაგრამ ამან არ უნდა გადაწონოს საკუთარი ერის ინტერესი.

„ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ ინტერესზე, მაგრამ ამან არ უნდა გადაწონოს შენი ერის ინტერესი. ზუსტად ამიტომ არის ეს „ნიუნბერგის პროცესი“ საჭირო. როგორც ჩანს თქვენ, არ გახსოვთ და ვისაც არ ახსოვს, უნდა გაიხსენოს, რომ „ისკანდერის“ დეტალები მნიშვნელოვანი იყო, რომ დადასტურებულიყო, როდესაც საქართველოს 10 აგვისტოს ცეცხლი ჰქონდა შეწყვეტილი და საომარი მოქმედებები, 12 აგვისტოს მოხდა დაბომბვა მშვიდობიანი ქალაქის, რაც ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო სამიზნედ ამოღებული. ეს ფაქტად იყო საჩივარში ჩადებული, თუმცა მტკიცებულებები არ იყო. რუსეთი მაშინ ამტკიცებდა, რომ ყველაფერი არის გამოგონილი, არსებობდა მხოლოდ ფოტო თუ ვიდეო და ეს ყველაფერი არის მონტაჟიო, სინამდვილეში არანაირი ფაქტი არ არისო.

სწორედ ეს დეტალები იყო მნიშვნელოვანი, ინდივიდუალური ნომერი, თუ ვის ეკუთვნოდა ეს „ისკანდერი“, მათ შორის, საიდან იქნა გასროლილი და ა.შ. სხვადასხვა მონაცემის ერთობლიობა და, რაც მთავარია, თავად დეტალი, დანაშაულის იარაღი ჰქონდათ გატანებული სხვებისთვის. გასაგებია, სხვას, შეიძლება, ინტერესი ჰქონდა, მაგრამ ეს არის სწორედ ის საკითხი, ვის ინტერესებს აყენებს ხელისუფლება – სხვების ინტერესს თუ საკუთარი ხალხის ინტერესს. ესეც არის კარგი მაგალითი, როდესაც სხვების ინტერესების ხარჯზე საკუთარი ხალხის ინტერესები იწირებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.