ჩვენ გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო კიდევ ერთხელ ჩვენება, თუ რას ნიშნავს ჩავარდნილი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე და ვფიქრობ, აქ ძალიან ადვილი დასანახია პარალელები 4 ოქტომბრის მცდელობასთან ხელისუფლების დამხობის, რომელსაც ასევე ჰქონდა მხარდაჭერა ბრიუსელიდან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას და სოლიდარობას უცხადებდა.

„შეადარეთ, გააკეთეთ პარალელი როგორც მაშინ, 4 ოქტომბერს თუ გაიხსენებთ საღამოს, გამზადებული სპიკერები, რომლებმაც დაიწყეს სოციალურ მედიაში მხარდამჭერი ტექსტების გამოქვეყნება მოძალადეების მიმართ. უბრალოდ დაიწყეს მაშინ, როდესაც ეს დამხობა უკვე ჩაფუშული იყო, ჩავარდა ყველანაირად, თუმცა როგორც ჩანს ტექსტები მომზადებული იყო და მაშინ, როდესაც მურთაზ ზოდელავა ეულად იდგა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, ამ დროს ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმ მომენტში აქვეყნებდა სოციალურ მედიაში ტექსტებს, რომ მხარს უჭერდა ქართველ ხალხს, იმ მოძალადეებს, რომლებიც იქ უკვე აღარ იყვნენ. ვინაიდან სცენარი არსებობდა, ტექსტები დარიგებული ჰქონდათ და უნდა გამოექვეყნებინათ, მიჰყვნენ ამ განრიგს, ვის 9 საათზე უნდა დაედო, ვის ათ საათზე, ვის თერთმეტის ნახევარზე. გამოაქვეყნეს ეს ყველაფერი, თუმცა აცდენილი იყო უკვე თბილისში არსებულ რეალობას, ვინაიდან ის დამხობის მცდელობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან, ჩავარდა.

იგივე მოხდა გუშინ და სწორედ ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ „ბიბისის“ ცრუ რეპორტაჟი იყო ნაწილი იმ ჰიბრიდული თავდასხმისა, რომელსაც შემდეგ უნდა მოჰყოლოდა ამგვარი რეაქციები, თუმცა ერთი რამ ვერ გათვალეს. მათ იფიქრეს, რომ „ბიბისის“ რეპორტაჟზე იქნებოდა უბრალოდ სიტყვიერი საუბარი და სინამდვილეში გამოძიება არ ჩატარდებოდა. ეს ტექსტები, რაც გუშინ მოვისმინეთ, ეს არის ტექსტები გამზადებული იმისთვის, რომ არ არის ჩატარებული გამოძიება, არაფერი ხდება საქართველოში და ახლა მოუწოდებენ, ეჭვები არსებობს „კამიტზე“, მოვუწოდებთ გამოძიებას და ა.შ. თუმცა ეს ტექსტები, წინასწარ დაწერილი, კვლავ ასცდა რეალობას, არაადეკვატური იყო ამიტომაც, ვინაიდან ჩატარდა გამოძიება, ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა თქვა, თუკი რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს რაიმე კითხვა, აგერ არის ხელისუფლება, აგერ არიან სამართალდამცავი ორგანოები, მზად ვართ ნებისმიერ ინფორმაციაში ჩავახედოთ, ვაჩვენოთ და განვუმარტოთ. ამიტომ, აცდენილი იყო გუშინდელი განცხადებები მათი და ჩანს კიდევ ერთხელ, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო „ბიბისი“, რომელმაც ვხედავთ რომ აბსოლუტურად დაინგრია საკუთარი რეპუტაცია და იქცა ჩვეულებრივ პროპაგანდის იარაღად სხვა ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმისა. ვნახეთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ჰიბრიდული თავდასხმა „ბიბისის“ გამოყენებით, პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის გზით და ვნახეთ საქართველოზე თავდასხმა „ბიბისის“ გამოყენებით. ამიტომ, ეს ჰიბრიდული თავდასხმა ჩაიშალა. გუშინ ვნახეთ უბრალოდ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები. გამოდიან, კიდევ საუბრობენ, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიურ იარაღზე, რომელიც უკვე სასაცილოდ აქვს ყველას - ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც, იმასაც, ამასაც. თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამაზე, ამ ცრუ ნარატივზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.