შალვა პაპუაშვილმა "გორბის" კვლევაზე მედიასთან ისაუბრა და მიღებული შედეგები შეაფასა.

"ამ კვლევამ ჩემთვის მთავარი რაც აჩვენა, არის 62%-იანი ნდობა ქართველი ხალხის. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველა იმ უცხოელისთვის, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს, მის ხელისუფლებასა და პარლამენტს ელაპარაკება ან ცდილობს, რომ ელაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით. აი ამას უპასუხა ქართველმა ხალხმა ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, რომ როდესაც ვიღაც ცდილობს მეურვეს როლი ითამაშოს ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს არ შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი, მის მიერ მიღებული კანონები და გატარებული რეფორმები სრულად მხარდაჭერილია მისი მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის მხრიდან. ასე რომ აიღონ ახლა ეს შედეგები და შეეგუონ ამას რამენაირად", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კვლევაში ოპოზიციის მიერ ნაჩვენები შედეგიც შეაფასა.

"რაც შეეხება ოპოზიციის მდგომარეობას, ხაზი უნდა გაესვას, რომ სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას, არასაპარლამენტო ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, თუმცა ვაკვირდებით - მაშინ როდესაც ცნობილი გახდა რა წამების სისტემა ჰქონდა სააკაშვილის შექმნილი, ამის მიუხედავად, წლების განმავლობაში ხმას აძლევენ მის პარტიას და მისი ქოლგის ქვეშ არსებულ პარტიებს. ესეც სამწუხარო მოცემულობაა, თუმცა ამ კვლევის მთავარი შედეგებია, რომ "ქართული ოცნება" უკვე მეათედ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამით გაიმარჯვებს საქართველოს ეროვნული ინტერესები - ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს და არა სხვა ხალხებს, სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ჯგუფებს, ხელისუფლებებს და ა.შ." - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ჟენევაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი მსოფლიო პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობს, ხვალ ის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა.