რასა იუკნევიჩიანემ თქვა, რომ ევროპასთან დაკავშირებული საკითხები არის ქართველი ხალხის ბრალი, ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“. პირდაპირ ფაშისტური განცხადებაა, როდესაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა ერთი ჯგუფი გამოარჩია, იმ მოქალაქეების, რომლებიც მის გემოვნებაში არ ჯდება და დამნაშავეებად გამოაცხადა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი დაამსგავსეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და ახლა უნდათ, ბრეჟნევიზაციის პროცესიც დაიწყონ, შვიდი წლის წინ არჩეულ ადამიანზე ამბობენ, რომელსაც ვადა კარგა ხანია გაუვიდა, უნდა იყოს პრეზიდენტიო.

„რასა იუკნევიჩიენე ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს. მან თქვა, რომ ევროპასთან დაკავშირებული საკითხები არის ქართველი ხალხის ბრალი, ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“. პირდაპირ ფაშისტური განცხადებაა, როდესაც გამოარჩია მოქალაქეთა ერთი ჯგუფი პოლიტიკური ნიშნით, მის გემოვნებაში რომ არ ჯდება და ისინი გამოაცხადა დამნაშავეებად. ადამიანი ფაშისტურ განცხადებებს როდესაც აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ, დეზინფორმაციაზე შენიშვნის მიცემა, მსუბუქი დანაშაულია. კიდევ ერთხელ მინდა, რეზოლუციას შევეხო, რომელიც მისი მომზადებული იყო. ცალკე სასაცილო მომენტია – ერთ-ერთ მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და მეორე დღეს, თავად შეიტანა შესწორება, ოპოზიციას მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. აი, ასეთი ხალხი ჰყავს გაღმერთებული ამ აკაცუკა ოპოზიციას, თითქოს რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიენე. მეორე საკითხია, რეზოლუციაში ვნახეთ ჩანაწერი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად აღიარების შესახებ, რომელიც შვიდი წლის წინ იყო არჩეული. ევროპარლამენტი ხომ უკვე დაამსგავსეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და ახლა ბრეჟნევიზაციის პროცესიც უნდათ დაიწყონ. შვიდი წლის წინ არჩეული ადამიანზე, რომელსაც კარგა ხანია, ვადა გაუვიდა, ამბობენ, უნდა იყოს პრეზიდენტიო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რასა იუკნევიჩიენეს მხრიდან მზია ამაღლობელზე ტყუილის მიზანი რა იყო, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ტყუილი გასდით“.

„რა ენაღვლებათ, ვინმე პასუხს მოსთხოვთ? აქ რომ აფინანსებენ რაღაცებს და „ფაქტ ჩეკმა“ თითქოს ფაქტები უნდა დაადგინონ, იქ ვინ მოსთხოვთ პასუხს. რასა იუკნევიჩიენეს პასუხი ვინ უნდა მოსთხოვოს, მთელ ევროპას თავის ჭკუაზე ატარებენ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.