მაშფოთებს ნარატივი, რომელიც ამ შეხვედრის წინ მოვისმინეთ სხვადასხვა მინისტრის მხრიდან, როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოსდა რაღაც დემოკრატიულ უკუსვლასა, თუ არასწორი გზით სიარულთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც წესით, ევროკავშირში სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები უნდა ებრძოდნენ და არა პირიქით, დაკავებულები იყვნენ დეზინფორმაციის გავრცელებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ბოლოს და ბოლოს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები გააცნობიერებენ, რა არის სინამდვილეში ევროპული ღირებულებები.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, პროპაგანდა, ძალადობა საქართველოში დაფინანსებული არის ევროკავშირის ბიუჯეტიდან მომდინარე წყაროებით. მე არაერთხელ მივმართე ევროკავშირის საელჩოს, რომ გამიჯვნოდნენ მათ მიერ დაფინანსებული ადამიანებიდან მომდინარე სიძულვილის კამპანიას, ძალადობას და პროპაგანდას. ყველა აკვირდებით, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის, თუ თავად ევროკავშირის ელჩი ბევრს საუბრობს, თუმცა არცერთხელ, ხაზს ვუსვამ, არცერთხელ არ დაუგმია მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის გაღვივება, ძალადობა და პროპაგანდა. ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას მოტივაცია, რომ საკუთარი დუმილით და არდაგმობით წაახალისოს სიძულვილის და პროპაგანდის კამპანია, რომელიც დღეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან მომდინარე თანხებით ფინანსდება. ვიცით, რომ აშშ-მა გაანალიზა ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც USAID, თუ სხვა ფონდები ეწეოდნენ, მათ შორის სიძულვილის, ძალადობის, პროპაგანდის დაფინანსების მხრივ, გააუქმა ყველა ეს დაფინანსება, მათ შორის ამხილა აშშ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები სიძულვილისა, თუ პროპაგანდის კამპანიებში. დღეს, ფაქტობრივად, დარჩენილია მხოლოდ ევროკავშირიდან, თუ წევრი ქვეყნებიდან მომდინარე თანხები, რომლითაც ზუსტადაც ეს სიძულვილი და პროპაგანდა ფინანსდება. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, ყურადღება მიაქციოთ, რომ არცერთ თავის გამოსვლაში ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია, არ გამიჯვნია, არც კი გაუკრიტიკებია მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე სიძულვილის კამპანია, ძალადობა და პროპაგანდა, რაც, რა თქმა უნდა, შესაბამისად წარმოადგენს სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის წახალისებას. ამიტომ მიკვირს, რომ დღეს ვხედავდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს, თუ კომისრებს, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებენ კრიტიკულ განცხადებებს მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში სიძულვილი, ძალადობა და პროპაგანდა არის წახალისებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.