რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის წარმომადგენლები და თქვენ გსურთ ევროკავშირის წევრობა, რადგან გეუბნები, რომ უნდა იყოს ასე, ე.ი. უნდა იყოს ასე, ასეთი მიდგომები ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ საქართველო ევროკავშირს ხედავს, როგორც თანასწორთა გაერთიანებას.

"როდესაც ადამიანი ხარ რაღაც სოციუმის წევრი, შენ თმობ გარკვეულ თავისუფლებებს, ანგარიშს უწევ სხვებს და გიწევს რაღაც წესებით მოქმედება, ეს, გარკვეულწილად, გიზღუდავს გარკვეულ თავისუფლებას. სახელმწიფო როცა არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, ის სუვერენიტეტის გარკვეულ დოზას თმობს იმ მხრივ, რომ იზიარებს საერთო პასუხისმგებლობებს. ევროკავშირის წევრობაც გულისხმობს, რომ გარკვეულ საერთო გადაწყვეტილებებში იღებ მონაწილეობას. თუმცა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ ნიშნავს საერთოდ ჩაბარებას. სამწუხარო ტენდენციებს ვხედავ დამოკიდებულებებისა, მათ შორის, გუშინ ჩვენი შეხვედრიდან გამომდინარე, რომ ხანდახან არის ასეთი პოზიცია საქართველოს მიმართ, ჩვენთან მოლაპარაკება, დისკუსია და დიალოგი კი არ სურს ზოგიერთებს, სურს ჩვენთვის მითითებების მოცემა და ქართველმა ხალხმა ეს მითითებები უნდა შეასრულოს. ეს არ არის რაღაც სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა, ეს არის მითითებებზე დამყარებული ურთიერთობა და ჩვენ ამას არ ვიზიარებთ.

იქნება ეს კანონი თუ სხვა საკითხები, როდესაც ვხედავდით პოზიციას – რადგან ვართ ევროკავშირის წარმომადგენლები და გსურთ ევროკავშირის წევრობა, გეუბნებით, რომ უნდა იყოს ასე, ე.ი. უნდა იყოს ასე – ასეთი მიდგომები ჩვენთვის მიუღებელია. ასეთი მიდგომა აქვთ ჩვენს ოპოზიციასა და ენჯეოსექტორს, რომელმაც, გახსოვთ, თქვა, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ, რათა მიგვიღონ ევროკავშირში, ეს გულისხმობს, რომ ჩვენ უპირობოდ და ყოველგვარი შეკამათების უფლების გარეშე უნდა შევასრულოთ მითითებები, ანუ ჩვენ უნდა გვქონდეს არა მოლაპარაკებები, როგორც ამ პროცესს ჰქვია ფორმალურად, არამედ ჩვენ უნდა გვქონდეს დათანხმებები ჩვენი მხრიდან, სადაც ჩვენ უნდა მოგვცენ მითითებები და დავეთანხმოთ რაღაცებს. ოპოზიციის და „ენჯეოების“ ეს მიდგომა აჩვენებს, რომ მათ სინამდვილეში უნდათ საბჭოთა კავშირის წევრობა და არა ევროკავშირის წევრობა, ამ პრინციპზე საბჭოთა კავშირი იყო დამყარებული, სადაც ცენტრი რასაც იტყოდა, იმას ასრულებდა რეგიონი. ჩვენ ევროკავშირს ასე არ ვხედავთ და არც არის ევროკავშირი ასეთი გაერთიანება, ეს არის თანასწორთა გაერთიანება და ნებისმიერი დამოკიდებულება, რომ ჩვენ რადგან გეუბნებით, ეს ასე უნდა იყოს, არის არასწორი და ქართველი ხალხი ამას არ იმსახურებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.