დიდი ფული დაიხარჯა აქციებზე ძალადობრივი მეთოდით ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. სახალხო მხარდაჭერა არ აქვთ და ქვეყანას უცხოელების იმედად ვერ აატრიალებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ძალადობის დაფინანსება სხვადასხვა სქემით ხდებოდა.

„დეკემბრის ძალადობრივ აქციებს რაც შეეხება, დიდი ფული იყო დახარჯული ამ ძალადობრივ აქციაზე, რათა ძალადობრივი მეთოდით მომხდარიყო ხელისუფლების შეცვლა. პიროტექნიკის ყიდვის მხრივ ყველანაირი რეკორდი მოიხსნა, ერთი წლის მარაგი შეიძინეს. ეს ფული საიდანღაც ხომ მოდის? ჰაერიდან და ნაჩუქარი იქ არაფერი იყო. ნელ-ნელა ვხედავთ სქემას, მათ შორის პროკურატურის გამოძიების ფარგლებში, თუ სხვა საჯარო წყაროებიდან, რომლითაც ხდებოდა ძალადობის დაფინანსება საქართველოში. ერთი – ეს გახლავთ უცხოური ფული. ფულით ხდებოდა აღჭურვილობის შეძენა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. დოკუმენტურად ჩანს, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, იყიდა აღჭურვილობა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ხანდახან თავდასხმისთვისაც. მათ შორის შეძენილი იყო წიწაკის სპრეი, რაც ასევე თავდასხმისთვის გამოიყენება. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა უცხოური ფულით. ვხედავთ რა ორგანიზაციებს, დიდი ალბათობით, ეს არის ევროკავშირის ფული. ასევე, დიდი ალბათობით, ეს გახლავთ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული. ვხედავთ ამ სქემების გამოყენებით აქციების დაფინანსებას, ბაჩიაშვილი იქნება, თუ სხვა ასეთი, მათ შორის სააკაშვილის დედის უნივერსიტეტი, რომელიც თავის დროს კორუფციული გზით აქვს მოპოვებული. არანაირ გულანთებულობებზე საუბარი არ არის, ეს არის ძალადობრივი აქცია, რომელიც დიდწილად უცხოეთიდან იყო დაფინანსებული სხვადასხვა სქემისა და წყაროს გამოყენებით. ბაჩიაშვილს და ალასანიას რა აინტერესებთ? ბაჩიაშვილს აინტერესებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაქცევა, ალასანიას – საკუთარი შვილის დახსნა ციხიდან. ამიტომ, გარედან და შიგნიდან ფული იყო ჩადებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად, მაგრამ, როგორც ყოველთვის, კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში. სახალხო მხარდაჭერა არ აქვთ და უცხოელების იმედად ქვეყანას ვერ აატრიალებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.