სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გრძელდება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი 160 ქვეყნის 2500-მდე წარმომადგენლის წინაშე სიტყვით უკვე წარსდგა.

ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი დღეს თურქ კოლეგას შეხვდება, სადაც ისაუბრებენ ახლო აღმოსავლეთისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღესვე დაგეგმილი აქვს შეხვედრა პარაგვაის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ყველა ორმხრივ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

"ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად გაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში. არცერთი სახელმწიფო - არც ევროკავშირისა და არც აზიის არ ემხრობიან მზარდ ტენდენციებს გარე ჩარევების თვალსაზრისით და, ვფიქრობთ, რომ ის სამომავლო არქიტექტურა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების სწორედ თითოეული სახელმწიფოს სუვერენულ, დამოუკიდებელ ინტერესებზე იქნება აგებული," - აცხადებს მაია ბითაძე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის თემაზე საუბრით დაიწყება.

"ყველა საუბრობს მშვიდობის აუცილებლობაზე და დღეს მშვიდობას მართლაც მაღალი

ფასი დაედო მსოფლიოში. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან დაიწყება სწორედ ამ თემაზე საუბრით. ჩვენ, ისევე როგორც თურქეთი, ვართ ამ საკმაოდ რთულ რეგიონში, შესაბამისად, ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია, რომ როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე შავი ზღვის რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.