კარგად ხედავთ, როგორი კამპანია აქვთ გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, როგორ ებრძვიან ხატებს, როგორ ცდილობენ ჩვენი დედაეკლესიის დაზიანებასა და სახელის გატეხვას. - ამის შესახებ ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ახალციხეში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იგივე ხდება, როდესაც ცდილობენ, რომ გადაგვიწერონ ჩვენი ისტორია. მეფე ერეკლე მოღალატედ გამოგვიცხადონ; ფაშიზმთან ნაბრძოლ გმირებს გამარჯვების საზეიმოდ ახალი თარიღი დაუდგინონ; საბჭოთა დროს ჩვენი მშობლების, მათი მშობლების ნაშრომს ხაზი გადაუსვან, მათ კი ყავლგასული თაობა უწოდონ.
არადა, სწორედ ჩვენი მშობლების თაობის დაუღალავი შრომის, ადამიანობის, გამბედაობის წყალობით გვაქვს ის ყველაფერი, რამაც შეგვაძლებინა ქართული სახელმწიფო ჩამოგვეყალიბებინა და მისი დამოუკიდებლობით გვეამაყა.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხის სიმაღლე მისი ფესვებიდან იზომება, რომ ჩვენ ჩვენი წინა თაობების მხრებზე ვდგავართ. მხოლოდ ასე, მშობლების და წინაპრების პატივისცემით და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებით შევძლებთ მომავლისთვის თვალის გასწორებას და საქართველოს ისტორიის ღირსეულად გაგრძელებას.
საქართველოს, მომავლის საძიებლად, არ სჭირდება უწარსულო მაწანწალასავით უმიზნოდ ხეტიალი. ჩვენი მომავალი ჩვენსავე წარსულშია ჩაბეჭდილი, რომელმაც გამოწრთო, დააბრძენა და დააღვინა ჩვენი ერი საიმისოდ, რომ დინჯად და თანმიმდევრულად აშენოს მშვიდობიანი ხვალინდელი დღე.
კარგად ვხედავთ, რომ ისტორიის, ჩვენი წინა თაობის, დამსახურებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლამ ოპოზიცია დაუპირისპირა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. ოპოზიციის თითოეული ძალადობრივი აქტი, მათ მიერ შეურაცხყოფილი თითოეული ხატი თუ პატივსაცემი ადამიანი, იმაზეა გათვლილი, რომ საზოგადოება დაცარიელდეს სულიერად, გონებრივად, კულტურულად. გაქრნენ მორალური ავტორიტეტები, მოიშალოს საზოგადოებრივი ფუნდამენტი, ოჯახი აღარ ოჯახობდეს, უფროსი თაობა აღარ იყოს პატივსაცემი, უარი ვთქვათ საკუთარ ისტორიაზე.
დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის - ეკლიანს, მტკივნეულს, განსაცდელებით სავსეს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის და საზოგადოების რყევას. ყველა კარგად ვხედავთ მათ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ ძალაუფლება სჭირდებათ არა ქართველი ხალხის ნების გასატარებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სხვა ხალხების ინტერესებს დაუქვემდებარონ, ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ, ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა წითელ ხალიჩაზე გაცვალონ." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.