რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურის და მიხეილ დაუშვილის მოთხოვნას ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღების თაობაზე.
„არ ვიცი, რა არის დაინიცირებული, მაგრამ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს და მათ სრული ნდობა აქვთ. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ამ პოლიტიკის შესაბამისად. მარგინალურ ოპოზიციონერებს რაიმე ჯანსაღი აზრი რომ ჰქონდეთ, ისინი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერასაც მიიღებდნენ. არ ვიცი, რა რეზოლუციაზე არის საუბარი, მაგრამ ამ რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არის მკაფიოდ განსაზღვრული, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით. ეს პოლიტიკა მკაფიოა და ამ გეგმას მივყვებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.