სტრატეგიული პარტნიორობა ასე არ არის, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა – მეურვეებს. ურთიერთობების გადატვირთვა რომ მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეწყდეს ცრუ ბრალდებები ქართველი ხალხის, ხელისუფლების წინააღმდე.
„ვიღაცას თუ უნდა, რომ ჩვენ მეურვეობა გაგვიწიოს და იმ მიმართულებით გვატაროს, როგორც საჭიროდ ფიქრობს, ასე არ გამოვა. ასე არ მოქმედებს ჩვენი 3 000-წლიანი სახელმწიფოს ისტორია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ბევრ დიდ ქვეყანას ერთი და იგივე შეცდომა დაუშვია საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ბევრს ჩვენი მეგობრობა ფეხქვეშ გაგებად გაუგია და ისე გაუგია, რომ შეუძლიათ, საკუთარი ინტერესები მოგვახვიონ თავს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, ურთიერთობების გადატვირთვა რომ მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია, შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ პარტნიორობისთვის ყველაფერი ვაკეთოთ და ამის პასუხად ვიღებდეთ იმას, რომ ჩვენს პოლიციელებს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ და იმის ღირსადაც არ გვთვლიდნენ, რომ მტკიცებულება წარმოადგინონ. გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო შეზღუდვები. დღესაც მახსოვს მაშინდელ ელჩთან ჩემი საუბარი, რომ ეს უპატივცემულობაა, როდესაც ეკითხები, რა არის მტკიცებულება და გეუბნება, რომ პრესაში წაიკითხა მტკიცებულებების შესახებ. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, ეს არ არის ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ვაჩვენებდით ყველას დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც ვჭირდებოდით. ეს არის ჩვენი ქართული მიდგომა მეგობრებისადმი და პარტნიორებისადმი და გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ სხვებსაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში.