„რუსული კანონის“ ძახილის ამბავმა ჩაიარა, ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე და ამაზე გაბრაზებული ოპოზიცია და „ენჯეოები“ დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ, ისტერიაში არიან ჩავარდნილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ყველაზე ქართული კანონი, რომელიც ქართულ პარლამენტს მიუღია.
„ჩაიარა „რუსული კანონის“ ძახილის ამბავმა. ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე და ამაზე გაბრაზებულები დარბიან ოპოზიცია და „ენჯეოები“ და კედლებზე რაღაცებს აწერენ, ისტერიაში არიან ჩავარდნილი. მორჩა ეს ეპოპეა ე.წ რუსული კანონის, ჩაილურის წყალი დალია, ეს არის ქართული კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, რომლის მიზანია, ყველა, ვინც საქართველოში რუსეთის ან სხვა ქვეყნის, დაფინანსებით მოქმედებს, მათი ფინანსები იყოს ცნობილი. ეს არის ყველაზე ქართული კანონი, რომელიც კი მიუღია ქართულ პარლამენტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო გაიმართა, რომელზეც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პროცესი განიხილებოდა.
„გვქონდა, დაგეგმვითი ხასიათის შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ, თუ როდის რა დავიწყოთ. პარტიის თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს სხდომას, რა თქმა უნდა, ესწრებოდა. რაც შეეხება გამჭვირვალობის ქართულ კანონს, მას სრულად მხარს უჭერს არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და მხარდამჭერი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.