"ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი. ბატონი ჰერჩინსკი რატომ არ ამბობს კონკრეტულად, რომ ის გმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? ეს წინადადება მას არ უთქვამს არც ერთხელ. მას არც ერთხელ, კონკრეტულად ეს დანაშუალი არ დაუგმია." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკი და ბრიუსელი, დღემდე არიან საქართველოში ძალადობის მფარველები, პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის თავდასხმის მფარველები და გამმართლებლები.
"გუშინ 13 თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბერს და მას კიდევ ერთხელ მოვუწოდე, რომ დაეგმო ეს შტურმი. ის გუშინ კვლავ გაექცა ამ დაგმობას. ყოველ ჯერზე ის საუბრობს ზოგადი ფრაზებით, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას, სადაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს. არ გვაინტერესებს სადაც არ უნდა იყოს და მსოფლიოში და პოლონეთში და ა.შ. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი.
ბატონი ჰერჩინსკი რატომ არ ამბობს კონკრეტულად, რომ ის გმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? ეს წინადადება მას არ უთქვამს არც ერთხელ. მას არც ერთხელ, კონკრეტულად ეს დანაშაული არ დაუგმია. იცით რატომ არ დაუგმია? იმიტომ რომ, რა მომენტშიც დაგმობს ამ ძალადობას, მერე ვეღარ იტყვის, რომ ამ ძალადობაში ჩართული ადამიანები თვითნებურად დაკავებულები არიან.
ასე, რომ კიდევ ერთხელ, ბატონი ჰერჩინსკი და ბრიუსელი, დღემდე არიან საქართველოში ძალადობის მფარველები, პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის თავდასხმის მფარველები და გამმართლებლები. ეს უნდა დავიმახსოვროთ.
რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულებს, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ ის არ აპირებს გვითხრას, ვინ არის თვითნებურად დაკავებული. ანუ, ერთის მხრივ, ის მოგვიწოდებს, რომ თვითნებურად, ანუ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ და როცა ვეკითხებით: ვინ? ის არ ამბობს კონკრეტულ გვარებს, მათ შორის გუშინ ვნახეთ, ჟურნალისტებმა ჰკითხეს - აი ამას ხომ არ გულისხმობთ კონკრეტულ ადამიანებს, არ პასუხობს. იცით რატომ? რა მომენტშიც ის კონკრეტულ გვარებს დაასახელებს, იმ მომენტში ხომ გამოჩნდება, რომ მაგალითად დღეს სასჯელს იხდის სამი ადამიანი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას და ცოცხლად აპირებდნენ მათ დაწვას. ამ სამი ადამიანიდან ერთ-ერთის გვარიც რომ ამოიკითხოთ და სამივესიც რომ ამოიკითხოთ, ხომ მორჩება? ხომ დამთავრდება და ყველა უკვე გაიგებს, რომ დიახ, სწორედ ძალადობის მფარველი არის დღეს ბრიუსელი საქართველოში, ამიტომ ის ამას არ ამბობს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, აქვე ჩვენ ერთი წერტილი უნდა დავსვათ. ან ბატონი ჰერჩინსკი და ბრიუსელი წარმოადგენს სიას, ვის მიიჩნევს ის თვითნებურად დაკავებულებად, ან კიდევ ერთხელ ამით დადასტურდება, რომ ისინი არიან მოძალადეების მფარველები. ბატონი ჰერჩინსკი რომ არის მოძალადეების მფარველი, მან ეს არაერთხელ დაადასტურა. ის, რომ ის მოძალადეებთან ერთად მოძალადეებს ხვდება, ის, რომ მოძალადეებს აფინანსებს, სიძულვილის ენის გამავრცელებლებს აფინანსებს, მათ დაკრულზე ცეკვავს და ვნახეთ ჩვენ, რომ ფულს უხდის და იქირავებს ადამიანებს, რომლებიც ვერბალურად ძალადობენ საქართველოს მოსახლეობაზე. ასე რომ, კიდევ ერთხელ, არ იქნება სია, არ იქნება ჰერჩინსკის განხილვა, როგორც მოძალადეების არამხარდამჭერი და პირიქით განიხილება, როგორც მხარდამჭერი." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.










