საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა „ამერიკის ხმის"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ გააუქმა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს სხვა წარმომადგენლებთან.
„კი, როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. უკვე არასერიოზულია, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა, საერთო ჯამში, არასერიოზულია. ადმინისტრაციის მხრიდან რაც ვიხილეთ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა.
მეორე მხრივ, ხანდახან რაც უფრო მკვახე თუ აუხსნელია ასეთი ქმედებები ან რაც უფრო მძიმეა გარკვეული ქმედებები, ეს პირდაპირ ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. ეს გვაჩვენებს, რომ იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ოპოზიციას უბიძგოს და სალაპარაკო თემა მისცეს. სამწუხაროდ, ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის. რაც შეხება ზოგადად ამ საქციელს, ვერანაირად ვერ შევაფასებთ. ერთი რამის თქმა შეიძლება, ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარმასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან. როგორც ჩანს, ეს სათანადოდ ვერ გავუზიარეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.